პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა.
როგორც მან გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცედურა ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა და სტანდარტული, ფორმალური იყო.
„მართალია, გამოკითხვა ერქვა, მაგრამ, პრინციპში, ჩვენება მივეცი. მათ ისედაც ჰქონდათ ექსკლუზიური კადრები. მჯერა, აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და რეალური იმ „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება. მიუხედავად ჩვენი რუსული ხელისუფლებისა, აქ მოვედი, რადგან ჩემს საქართველოს და სახელმწიფოს ვცემ პატივს. კადრების გარჩევა იყო მაქსიმალურად, ეს კადრები გამომძიებელს არა ერთხელ ჰქონდა ნანახი. ამ კადრებზე დეტალურად ვისაუბრეთ. ძალიან გულმოდგინე და აშკარად კვალიფიციური გამომძიებელი გოგონა იყო. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მასთან პრეტენზია არ მექნება, რადგან დარწმუნებული ვარ, მის დონეზე ეს ამბავი არ გადაწყდება. მე მესმის, რომ არა ეს გამომძიებელი გოგონა, არამედ ზემოთ ეცდებიან, ჩაფარცხონ ეს საქმე და გამოაძვრინონ. სახეზე ჩანან პოლიციელები, ვინც დაგდებულს მირტყამენ, მათ შორის პატრულის, კრიმინალური პოლციის თანამშრომლები, ის ადამიანი, რომელსაც მიზანმიმართულად მივყავარ და დროშის ბოძს პირდაპირ სახით მანარცხებს. პირდაპირ ჩანან და მათი დაკითხვის გარეშე არაფერი გამოვა, ანუ ასე უღმერთოდ ვერ ჩაფარცხავენ, რომ ისინი არ დაიბარონ. მაშინ მათი გამოძიება აბსოლუტურად სასაცილო იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.
18 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.