ალეკო ელისაშვილი - სჯობს, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალოს, არ შეიძლება, პარლამენტი მას ექვს თვეში ერთხელ ირჩევდეს
ოპოზიციონერ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს მიაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ელისაშვილმა განუცხადა, არ შეიძლება, ექვს თვეში ერთხელ პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეს ირჩევდეს.
„ეს არც სამართლებრივად არის სწორი და არც პოლიტიკურად. როცა ადამიანი ექვს თვეში გყავს ასარჩევი, უფრო მეტად მოინდომებს, მმართველ პარტიას მოაწონოს თავი. როცა მას უფლებამოსილებისთვის ვადა გრძელვადიანად ექნება, უფრო მეტად მოინდომებს ობიექტურ საქმიანობას. სჯობს, ცესკო-ს არჩევის წესი შევცვალოთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
დეპუტატის ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას „მოქალაქეები“ მხარს დაუჭერენ. პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეს კენჭს დღევანდელ სხდომაზე უყრის. თანამდებობაზე ასარჩევად საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს არ გამორიცხა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალოს და ამ მიზნით „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მომზადდეს.