ალეკო ელისაშვილი - „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაგვიანებულია
ალეკო ელისაშვილმა დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებას „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, დაგვიანებული უწოდა. ელისაშვილის თქმით, ყოფილი და მოქმედი მერები ელისაშვილის ინიციატივას “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაუქმების შესახებ პოპულისტურს უწოდებდნენ.
“პოპულისტს რომ მეძახდა მთელი „ოცნება“, როცა “სითი პარკის” გაგდებას ვითხოვდი და რომ ვამბობდი, ჯარიმის გადახდა მოუწევს მერიას-მეთქი, ახლა ვინაა პოპულისტი?!”, – აღნიშნა თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა.
ასევე, ელისაშვილი მიიჩნევს, რომ „სითი პარკთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება მერიას სულ მცირე, სამი წლის წინ უნდა მიეღო.
“მერიას ეს გადაწყვეტილება, სულ მცირე, სამი წლის წინ უნდა მიეღო და გაეშვა კომპანია. უკვე მოწესრიგებული იქნებოდა ქალაქში სიტუაცია. ჯანდაბას, იყოს გვიან. თუმცა, მხოლოდ “სითი პარკის” გაშვება ვერ მოაგვარებს პრობლემას, კომპლექსური მიდგომაა საჭირო. უნდა შემოვიდეს ახალი კომპანია ადეკვატური პირობებით. ზონებად უნდა დაიყოს ქალაქი. აუცილებელია გადავიდეთ საათობრივ გადახდაზე. ქალაქში უნდა გაჩნდეს პარკინგის სივრცეები. ყურადღებით დავაკვირდები, თუ რა იქნება მერიის შემდეგი ნაბიჯი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან წყვეტს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.