ალეკო ელისაშვილი - შესაძლოა, საარჩევნო სიაში ექვთიმე თაყაიშვილებით და ილია ჭავჭავაძეებით ვერ წარვდგეთ, მაგრამ სწორება მათზე გვაქვს
ალეკო ელისაშვილი - შესაძლოა, საარჩევნო სიაში ექვთიმე თაყაიშვილებით და ილია ჭავჭავაძეებით ვერ წარვდგეთ, მაგრამ სწორება მათზე გვაქვს

შესაძლოა, დღეს თქვენ წინაშე ექვთიმე თაყაიშვილები და ილია ჭავჭავაძეები ვერ წარვდგეთ, მაგრამ სწორება მათზე გვაქვს და არა იმ დღევანდელებზე, რომლებიც განსაკუთრებით ხელისუფლებაში არიან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, საქართველოს სჭირდება პროფესიონალი პოლიტიკოსები.

„ჩვენში პოლიტიკა ბინძურ საქმედ ითვლება, არადა სინამდვილეში პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას. ჩვენთან დიდი ნაწილი საკუთარ ჯიბეს ემსახურება, მაგრამ გავიხსენოთ, ნიკო ნიკოლაძე იყო პოლიტიკოსი, ფოთის მერი, საქართველოს დამფუძნებელი კრების ანუ მაშინდელი პარლამენტის წევრი. ექვთიმე თაყაიშვილი იყო პოლიტიკოსი, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრი და საქართველოს პარლამენტის დამფუძნებელი კრების ვიცე-სპიკერი. ილია ჭავჭავაძე იყო რუსეთის იმპერიული სახელმწიფოს საბჭოს არჩეული წევრი, იყო პოლიტიკოსი. შესაძლოა, დღეს თქვენს წინაშე ექვთიმე თაყაიშვილები და ილია ჭავჭავაძეები ვერ წარვდგეთ, მაგრამ სწორება მათზე გვაქვს და არა იმ დღევანდელებზე, რომლებიც განსაკუთრებით ხელისუფლებაში არიან – გადამგდებები, მატყუარები, ქოსატყუილები და უკვე ღია მოღალატეები. როგორ შხამიან ოთახს სჭირდება სუფთა ჰაერი, რომ ის შხამი გაიწმინდოს, ისე სჭირდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეს სუფთა ადამიანები, პროფესიონალები, კვალიფიციურები. ასეთ გუნდს წარვადგენთ დღეს ჩვენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კოალიციამ „ძლიერი საქართველოსთვის“ საარჩევნო სია დღეს წარადგინა. ალეკო ელისაშვილი სიაში მეოცე ნომერია.