ალეკო ელისაშვილი - შერიგების პროცესს სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ გიორგი ვაშაძეს შევურიგდი
შერიგების პროცესს მეც სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ვხედავ, რა რიტორიკა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტთან ინტენსიური შეხვედრები იქნება.
„გიორგი ვაშაძეს შევურიგდი, ხელი ჩამოვართვი – ვთქვი, ბარემ, აქედან საქმით დავიწყო-მეთქი. დავუძახე, მოდი შეგირიგდე-მეთქი და შევურიგდი. ეკა ბესელია მანამდე წავიდა, მაგრამ არ შევურიგდებოდი. ადამიანებში გულახდილობა მომწონს. პრეზიდენტის გამოსვლაში მომეწონა ის, რომ თქვა, არ ვიცი, არც სქემა მაქვს მოფიქრებული და არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ ცდად არ დავაკლებ, რომ გარკვეულ საკითხებზე მივიდეთო. მისი ეს გულწრფელობა მომეწონა. ამ პროცესს მეც სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ვხედავ, რა რიტორიკა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“. ეს ეჭვებს აღმიძრავს, რომ ამ საქმიდან შეიძლება, არაფერი გამოვიდეს, თორემ ვაშაძეს კი შევურიგდი. ვიცი, რომ ინტენსიური შეხვედრები იქნება. პრეზიდენტმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პარტია არ მოვიდა, შეურაცხყოფად არ მიმიღია და მზად ვარ, ინდივიდუალურად შევხვდეო. ყველამ უნდა ვცადოთ და იქნებ გამოგვივიდეს. კარგი იყო, როცა მიშელი თუ დენიელსონი ჩვენს შერიგებას ცდილობდნენ, მაგრამ თავს რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ქართველების შერიგებას უცხოელები რატომ უნდა ცდილობდნენ, როცა აქ ვართ და ერთ ქალაქში ვართ, როგორ არ შეგვიძლია, საერთო ენა ვიპოვოთ. უნდა ვცადოთ, ვნახოთ, რა გამოვა ამ ამბისგან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გუშინ უმასპინძლა.