ალეკო ელისაშვილი - შეიძლება, ამ ვითარებაში პუტინს თქვენო აღმატებულებავ უწოდო ქართველმა ადამიანმა? ესენი არიან 21-ე საუკუნის მოღალატეები, ირმა ინაშვილის თამადობით
ალეკო ელისაშვილი - შეიძლება, ამ ვითარებაში პუტინს თქვენო აღმატებულებავ უწოდო ქართველმა ადამიანმა? ესენი არიან 21-ე საუკუნის მოღალატეები, ირმა ინაშვილის თამადობით

შეიძლება, ამ ვითარებაში პუტინს თქვენო აღმატებულებავ უწოდო ქართველმა ადამიანმა, ესენი არიან 21-ე საუკუნის მოღალატეები, ირმა ინაშვილის თამადობით, – ასე შეაფასა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ვლადიმერ პუტინის მიმართ ირმა ინაშვილისა ღია წერილი.

მისივე თქმით, მოღალატეები არიან ისინიც, ვინც ამ წერილს ხელს აწერენ.

„ეს ადამიანები არიან პირდაპირ მეხუთე კოლონა, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები. შეიძლება, ამ ვითარებაში გამოხვიდე და პუტინს თქვენო აღმატებულებავ უწოდო ქართველმა ადამიანმა? ასეთი მოღალატეები, მეხუთე კოლონა ისტორიულად გვყავდა. სერგო ორჯონიკიძეც და ფილიპე მახარაძეც სიმღერ-სიმღერით შემოუძღვნენ წითელ არმიას. ესენი არიან 21-ე საუკუნის მოღალატეები, ირმა ინაშვილის თამადობით.

თუ გაინტერესებთ, საქართველოს მოღალატეები ვინ არიან, 53-მა ადამიანმა მოაწერა წერილს ხელი. ვეტერანი ადამიანი რომ პუტინს მიმართავ და იტყვი, ნატო-ში არ მიგვიღოო. ვეტერანმა ეს რა ნამუსით დაწერა, რომელიც აფხაზეთსა და ოსეთში ნაომარი იყო. რუსეთის პრეზიდენტმა, რომელმაც ტერიტორიები წაგგლიჯა, იმას ეხვეწები რამეს და აღმატებულებით მიმართავ? ეს ადამიანები უნდა დავიმახსოვროთ, ეს 53 ადამიანი არის მოღალატე და მათი ადგილი არის სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძისა და ასეთი საძაგლების გვერდით. მათ გამარჯობა არ უნდა ვუთხრათ, წავიდნენ და დონეცკში გადასახლდნენ, ტაში უთხრან თავის აღმატებულებას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე გუშინ დაწერა, რომ წერილობით მიმართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. „გრძნობს რა პასუხისმგებლობას, ჩვენი გუნდი კვლავ საჯაროდ მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს, რათა ვიმოძრაოთ ურთიერთობის დათბობისკენ და არა დამღუპველი დაპირისპირებისკენ“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.