ალეკო ელისაშვილი - შალვა ნათელაშვილს რომ მანდატი გაუუქმდა, ახლა გვირჩევს, პარლამენტიდან გამოდით, ქუჩაში დადექითო, მისი მოწოდებები არასერიოზულია
შალვა ნათელაშვილის მოწოდებები არის არასერიოზული. ოპოზიციას ეუბნება, მანდატები დატოვეთო, ეს მაშინ, როცა თავად ორი დღის წინ ამბობდა, პარლამენტში შემოვდივარო, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ელისაშვილმა აღნიშნა, უფლებას დაიტოვებს, რომ შალვა ნათელაშვილის რჩევა არ გაითვალისწინოს.
„მისი ეს აზრი მეტისმეტად წინააღმდეგობრივია და მადლობა შალვა ნათელაშვილს მოწოდებებითვის, რჩევისთვის, მაგრამ უფლებას დავიტოვებ, მისი რჩევა არ გავითვალისწინოთ. ოთახი მას ჩემი ოთახის წინ მისცეს. ორი დღის წინ ამბობდა, რომ მისი პარტიის რაღაც ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება, მანამდე თავად ერთი წელი ლანძღავდა ყველას, ვისაც პარლამენტში შემოსვლა უნდოდა. ვინაიდან მანდატი გაუუქმდა, ახლა გვირჩევს, მაქედან გამოდით და ქუჩაში დადექითო. ეს არის გაუგებარი ზიგზაგი, რაც ბუმერანგის ეფექტის მატარებელია და არათანმიმდევრულ პარტიებს აზიანებს. კარგი იქნებოდა, საარჩევნო სიები აღმდგარიყო და დასკვნები თავად გამოეტანა ოპოზიციას, რომლებმაც იცანცარეს და არ დაგვიჯერეს, სიებს ნუ აუქმებდნენ. არ დაგვიჯერეს და ეს წინ დახვდათ. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ სიებს არ აღადგენს, თუმცა ეს იქნება ჭკუის კარგი სასწავლებელი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი გახდა კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ შალვა ნათელაშვილმა გამართა ბრიფინგი და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდა, მანდატები დატოვონ. მისივე თქმით, ხალხი ქუჩაში გამოსასვლელად უნდა გაემზადოს.