ალეკო ელისაშვილი - შალვა ნათელაშვილი არის ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, მისთვის მანდატის შეწყვეტას მხარს დავუჭერ, რითაც ფულს დავუზოგავ ჩემს სახელმწიფოს
მიმაჩნია, რომ შალვა ნათელაშვილი არის ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი ქართველ პოლიტიკოსებს შორის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭისყრაზე მხარს დაუჭერს.
„ძალიან მინდოდა, შალვა ნათელაშვილი ყოფილიყო ამ დარბაზში და მისთვის პირადად მეთქვა, რასაც ვფიქრობ მასზე, როგორც პოლიტიკოსზე. მიმაჩნია, რომ ის არის ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი ქართველ პოლიტიკოსებს შორის. მითქვამს და ხმამაღლა ვამბობ, რომ მისთვის მანდატის შეწყვეტას მხარს დავუჭერ. ამით ფულს დავუზოგავ ჩემს სახელმწიფოს. იქნებ, რამე ხეირიანს მოხმარდეს ის ფული“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზია სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.