ალეკო ელისაშვილი - საქართველოს თუ როდესმე ჰქონია შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და კიდევ უფრო მეტად გაიხსნას ევროკავშირის კარი, ეს შანსი არის ახლა
საქართველოს თუ როდესმე ჰქონია შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად გაიხსნას ევროკავშირის კარი, ეს შანსი არის ახლა, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„ქართული ოცნება“ დადის და იძახის, რომ ოპოზიციაში არის ხალხი, რომელსაც კანდიდატის სტატუსი არ უნდა და საწინააღმდეგოდ მოქმედებენო. ამის პასუხად ლევან იოსელიანმა, რომელიც ოპოზიციიდან არის ერთადერთი ვიცე-სპიკერი, გუშინ დაწერა და თქვა ინიციატივა – მოდით, მთლიანად ოპოზიციამ, პირველ რიგში, საპარლამენტო ოპოზიციამ, სურვილის შემთხვევაში კი არასაპარლამენტოც თუ შემოუერთდება, ძალიან კარგი, ერთობლივად მივმართოთ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ ჩვენ, საქართველოს ოპოზიციური პარტიები, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების ბევრი რამ არ მოგვწონს, მოგიწოდებთ, მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. იმედია, ამას შევძლებთ და აქ ოპოზიცია ერთიანობას გამოავლენს. ვინც ხელს არ მოაწერს, ხომ მიხვდებით და დაინახავთ, რომ სწორედ მათ გულისხმობდა „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს. ამას დავინახავთ. ვნახოთ, „აღდგომა და ხვალეო“, ხვალ გაირკვევა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეკითხვაზე, რა ხდება ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ წარმოვიდგენთ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ ამ გადაწყვეტილებით ვინმე იქნება კმაყოფილი, ეს იქნება რუსეთი.
„თუ ამ გადაწყვეტილებით ვინმე იქნება კმაყოფილი, ეს იქნება რუსეთი, რომელიც ჩაიქირქილებს და იტყვის – აი, თქვენი ევროპა, აი, თქვენი მხარში დგომა. წესით, ეს უნდა ესმოდეთ ევროპაში“, – განაცხადა ელისაშვილმა.
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ყველას ერჩის.
„ჩვენ, ერთ ციდა საქართველოს რომ ამხელა რუსეთი ტერიტორიებს წაართმევ. ეს ხომ საერთო მტერია, რომელმაც გარშემო ყველა შეაწუხა ამ თავისი იმპერიალიზმით, რაღაც დაუოკებელი მონღოლური, სუფთა მონღოლური სახელმწიფოებრივ-იმპერიალისტური ზრახვებით. რა იყო მონღოლეთი, საოცარი იმპერია იყო ხო?! კულტურული მემკვიდრეობის ერთი ნიმუში არ დაუტოვებია მონღოლეთის ამხელა იმპერიას. ორასი წელი მთელ მსოფლიოს ხარკს ართმევდა, ძარცვავდა, უზარმაზარი ქონება წაიღეს კორეიდან დაწყებული, ჩეხეთით დამთავრებული და ერთი ქალაქი ვერ ააშენეს და კულტურული მემკვიდრეობის ერთი ძეგლი ვერ დატოვეს. ის კი არა, ჩინგიზ ხანი იყო ერთი და იმის საფლავიც არ ვიცით დღემდე, სად არის. ჰოდა, აი, ასეთივე ჟინით შეპყრობილი სახელმწიფოა ეს რუსეთი და ამ რუსეთს ებრძვის უკრაინა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს შუძლია, უკრაინას საბჭოური იარაღი მიაწოდოს.
„ჩვენ თუ უკრაინას საბჭოურ იარაღს მივაწვდით, ხელისუფლების არაფორმალური პასუხია, რომ საქართველო იმწამს დადგება დარტყმის ქვეშ და მე მსაყვედურობენ, ომი გინდა? მე არ მინდა ომი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს წონადი არგუმენტი, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის ეს წონადი არგუმენტი არ არის, რადგან ამხელა რისკებს ვერ ხედავს.
„მე რა ინფორმაციაზეც ხელი მიმიწვდება, არ მგონია, რომ „სუ 25“-ების გადაცემა, ან რამეში გაცვლა იყოს რუსეთის გამომწვევი, რომ ჩვენ წინააღმდეგ წამოვიდეს აგრესია“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის ჯავშანჟილეტების, ჩაფხუტების და სამედიცინო საევაკუაციო მანქანის გაგზავნას წინ არაფერი უდგას.
„გავიგებ იმ არგუმენტს, რომ კარგი, „სუ 25“-ებს ნუ მივცემთ, შეიარაღებას ნუ მივცემთ. ბოლომდე არ მესმის არც ეს, რადგან შანსია, ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ სინამდვილეში, ისეთი სისტემების მიღება შეგვიძლია. კი ბატონო, გავიგე, მაგრამ რაღაც ჯავშანჟილეტის, ჩაფხუტის გადაცემას რა უნდა, იმის გამო, რომ რუსეთი არ გაგვიბრაზდეს?!“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.