ალეკო ელისაშვილი - სამუშაო შეხვედრაზე რას ვაკეთებთ იმისთანას, რომ შემოსვლა გულისამრევი იყოს, კორექტული საუბარი მიმდინარეობს, „ლელოს“ გადაწყვეტილება სისულელეა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტში, სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობაზე „ლელოს“ უარი გაუგებარია.
ელისაშვილის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომ მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ რეკომენდაციებზე ერთად იმუშაონ.
„მათი გადაწყვეტილება სისულელეა. ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. ყველაფრის აგდება ხომ არ შეიძლება? ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომ ერთად დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, რათა დეკემბერში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ და პროცესი წინ წავიდეს. იმ ოთახში რას ვაკეთებთ იმისთანას, რომ იქ შემოსვლა გულისამრევი იყოს? მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძეა მომხსენებელი, კორექტული საუბარი მიმდინარეობს. პოზიცია „არ შემოვალ“ აუხსნელი და გაუგებარია. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია საბავშვო ბაღით როდემდე უნდა იყოს დაკავებული – მანდ არ შემოვალ, ცუდი ბიჭები და გოგოები ხართო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.