ალეკო ელისაშვილი - სალომე ზურაბიშვილს აქვს გარკვეული უფლებამოსილება, რომელსაც ელჩებთან მიმართებით იყენებდა, „ქართული ოცნებისთვის“ ეს აუტანელია და უნდათ, შეავიწროონ
სალომე ზურაბიშვილს აქვს გარკვეული უფლებამოსილება, რომელსაც ელჩებთან მიმართებით იყენებდა, „ქართული ოცნებისთვის“ ეს აუტანელია და უნდათ, შეავიწროონ, – ამის შესახებ „მოქალაეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, რევაზ ჯაველიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ქართულ ოცნებას“ დისკომფორტი მხოლოდ მას შემდეგ შეექმნა, რაც სალომე ზურაბიშვილი კრიტიკული გახდა.
„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, რომელიც ოდნავ მაინც ვერ ეგუება ხელისუფლების დანაწილებას. სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, მას აქვს გარკვეული უფლებამოსილება, რომელსაც ელჩებთან მიმართებით იყენებდა. „ქართული ოცნებისთვის“ ეს აუტანელია და უნდათ, შეავიწროონ. „ქართული ოცნების“ პრობლემაა, რომ სულ დაავიწყდა კონტექსტი და რა ხდება ჩვენ გარშემო. ახლა რა დროს პრეზიდენტის წინააღნდეგ ბრძოლაა? – ყველა იმის მოლოდინში ვართ, ევროკავშირის კანდიდატობაზე რას გვეტყვიან, რა პასუხი მოვა ევროპიდან. ამ დროს „ქართული ოცნება“ თავის ბუნებას კიდევ ავლენს, რომ ერთმმართველია და მისთვის მისაღები არ არის, ძალაუფლებაში ვინმე ეცილებოდეს. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც თავის პარტიულ წვენში იხარშება და თავისი ვიწრო პარტიული ჭუჭრუტანის იქით ვერ იყურება. ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილს სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია უჭირავს და მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკულია. მანამდე კონსტიტუცია არ ჰქონდათ წაკითხული, არ იცოდნენ, უფლებები როგორ იყო გამიჯნული თუ რა? „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტი მხოლოდ მას შემდეგ შეექმნა, რაც სალომე ზურაბიშვილი კრიტიკული გახდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.