ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილს ფიზიკურად ვერ შეიწყალებს პრეზიდენტი, შეწყალება დამდგარ ბრალზე დგება, გამაოგნებელი არაკვალიფიციურობაა გვარამიასგან, რომელიც ერთ დროს მთავარი პროკურორი იყო
ეს იყო გამაოგნებელი არაკვალიფიციურობა იმ ადამიანისგან, რომელიც ერთ დროს მთავარი პროკურორი იყო. სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს ფიზიკურად ვერ შეიწყალებს, რადგან შეწყალება დამდგარ ბრალზე დგება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ბრალი, რომელიც ჯერ არ დადასტურებულა და სასჯელი არ არის, მასზე პრეზიდენტი შეწყალებას ვერ გასცემს.
„სააკაშვილი სამი საქმიდან ერთ საქმეზეა მისჯილი, ორზე სასჯელი არ არის. როგორც კი ერთ საქმეზე შეიწყალებს, მეორეზე შეაბრუნებენ ციხეში. მერე მესამეზე შეიწყალოს? ანუ, სალომე ზურაბიშვილი უნდა იჯდეს და კვირაში ორჯერ სააკაშვილი უნდა იწყალოს? ამას ნიკა გვარამია როგორ ამბობს, გაოგნებული ვარ, რადგან კვალიფიციური იურისტია. წინმსწრებად ხომ არ შეიწყალებს? შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია ხომ არ არის, ინდულგენციებს რომ გასცემდნენ? ეს ასე არ ხდება. ეს იყო ნიკა გვარამიას მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ პოლიტიკური დარტყმა, სამართლებრივად კანონს ჩახედონ“, – განაცხადა ელისაშვილმა.