ალეკო ელისაშვილი - სალომე სამადაშვილი ისე არ ფიქრობს, როგორც მის პარტიაში სხვები, ამის გამო ჯვარს აცვეს და ჩვენც იგივე დაგვმართეს
სალომე სამადაშვილი ისე არ ფიქრობს, როგორც მის პარტიაში სხვები, ამის გამო ჯვარს აცვეს და ჩვენც იგივე დაგვმართეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ხატია დეკანოიძე დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს, თუმცა პარტიის სხვა წევრები სიძულვილს ახალისებენ.
„სალომე სამადაშვილის მიმართ რაც ხდება, იგივე ხდება ჩვენთან მიმართებაში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს საზოგადოებაში მძაფრია ფუნდამენტალიზმი და საბჭოთა გადმონაშთი აზროვნებაში, რადგან სტალინიზმი ზუსტად ასე იყო. სტალინიზმი რატომ იყო საშიში? თუ ვინმე არ ფიქრობდა ისე, როგორც სტალინი, მას ხვრეტდნენ და ასახლებდნენ. ახლაც იგივე ხდება. სალომე სამადაშვილი ისე არ ფიქრობს, როგორც მის პარტიაში სხვები. ამის გამო ჯვარს აცვეს და ჩვენც იგივე დაგვმართეს. ვერაფერი დაგვაკლეს, მაგრამ საშიშია. წარმოიდგინეთ, ეს ძალა ხელისუფლებაში რომ დაბრუნდეს. ხატია დეკანოიძე ცდილობს, რომ ეს ვნებები ჩაახშოს, სხვები ამ სიძულვილს ახალისებენ. ის ადამიანები, ვინც თანაპარტიელზე ამბობენ, სამადაშვილი ჩავქოლოთ, გავრიცხოთ და ჯვარს ვაცვათო, ხელისუფლებაში რომ დაბრუნდებიან, ამას ხომ რეალურად განახორციელებენ? ფუნდამეტალიზმშია პრობლემა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით პოლიტიკურ საქმიანობას აღარ გააგრძელებს, პარტიის ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კი ნიკა მელიას გათავისუფლების და მასთან საუბრის შემდეგ მიიღებს.