ალეკო ელისაშვილი - სახალხო დამცველის კანდიდატს ციდან ვერ ჩამოვაგდებთ, საიდანღაც უნდა ავირჩიოთ, პრინციპული და მტკიცე სახალხო დამცველი გვჭირდება
სახალხო დამცველის კანდიდატს ციდან ვერ ჩამოვაგდებთ – საიდანღაც უნდა ავირჩიოთ. პრინციპული და მტკიცე სახალხო დამცველი გვჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, პარტია „მოქალაქეები“ რომელიღაც კონკრეტულ კანდიდატს მხარს არ უჭერს, მაგრამ თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ობიექტური პროცედურების განსაზღვრის პროცესში.
„საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომლის მიმართ შეკითხვები არ იქნება, რადგან ასეთი ხალხი ვართ, ყველას ვუკირკიტებთ. ჩვენი პარტია რომელიღაც კონკრეტულ კანდიდატს მხარს არ უჭერს, მაგრამ თავიდან ბოლომდე ვიყავით ჩართული ობიექტური პროცედურების განსაზღვრის პროცესში და ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად ისეთ პროცედურებამდე მივედით, რომელიც საშუალებას იძლევა, ერთხელ მაინც მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთ კანდიდატზე შევჯერდეთ და ესეც არ უნდა იყოს დაპირისპირების მიზეზი. შესაძლებლობა, რომ ერთი კონკრეტული კანდიდატი ავირჩიოთ, არსებობს. პროცედურები ამის საშუალებას იძლევა. არიან კონკრეტული პარტიები, რომელთაც კომპრომისი არ უნდათ, მაგრამ ვნახოთ. სახალხო დამცველის კანდიდატს ციდან ვერ ჩამოვაგდებთ – საიდანღაც უნდა ავირჩიოთ, ვინაიდან ვირჩევთ სახალხო დამცველს, რომელმაც ადამიანების უფლებებისთვის უნდა იბრძოლოს. კარგი იქნება, თუ ამ თვალსაზრისით ცოდნა და გამოცდილება ექნება. პრინციპული და მტკიცე სახალხო დამცველი გვჭირდება. ვინ არის დიმიტრი გელოვანი, არ ვიცი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.