ალეკო ელისაშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნისას „ქართული ოცნება“ რეგისტრაციას არ გადიოდა და ჩვენც ხურდა დავუბრუნეთ, როგორც გვექცევიან ხოლმე, ისე მოვიქეცით
„ქართული ოცნება“ რეგისტრაციას არ გადიოდა საგამოძიებო კომისიის შექმნისას და ჩვენც ხურდა დავუბრუნეთ, როგორც გვექცევიან ხოლმე, ისე მოვიქეცით, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
„განსაკუთრებული, გარდამტეხი არაფერი მომხდარა, „ქართულ ოცნებას“ ხურდა დავუბრუნეთ. როგორც გვექცევიან ხოლმე, ისე მოვიქეცით. საგამოძიებო კომისიის შექმნისას თავად რეგისტრაციას არ გადიოდნენ და ჩავასესხეთ ის, რაც მანამდე გვასესხეს. რიგგარეშე სხდომები ისევ იქნება, მაგრამ ჩვენც წავპწკინეთ. „გირჩმა“ თქვა, რეგისტრაცია არ გავიაროთო და არ გავიარეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 65-მა დეპუტატმა, რაც პლენარული სხდომის ჩატარებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სხდომაზე „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები უნდა განეხილათ.