ალეკო ელისაშვილი - საჭიროა არა ორმხრივი კუნთების თამაში და მაგარი ბიჭობის დამტკიცება, არამედ კომპრომისი, ორივე მხარე უნდა მიხვდეს, რომ გაჯიქება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება არა ესკალაციის გაღრმავება, არამედ კომპრომისი.
ელისაშვილის თქმით, ნიკა მელიას დაკავება სამწუხარო ფაქტია. ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.
„სამწუხაროა, რაც დღეს მოხდა. ვამბობდით, რომ ქვეყანას სჭირდება არა ესკალაციის გაღრმავება, ორმხრივი კუნთების თამაში და მაგარი ბიჭობის დამტკიცება, არამედ კომპრომისი. კი არ უნდა ვიპოლიტიკანოთ, არამედ სახელმწიფოებრივად შევხედოთ სწორად. დღეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა, ესკალაცია და ძალიან სამწუხარო სურათი. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, ვიდრე ეს ქვეყანა მართლა უფსკრულში არ გადაჩეხილა. უკვე ერთი ფეხი წაგვიცდა, ერთი ფეხით გადავიწიეთ უფსკრულისკენ. ვიდრე გადაჩეხილა მთელი ქვეყანა უფსკრულში, ორივე მხარე უნდა მიხვდეს, რომ გაჯიქება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
ყველა უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ და ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. უნდა გაითავისოს, რომ უგნური ნაბიჯები ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. „ქართულ ოცნებაში“ უნდა გაითავისონ, რომ ისინი უკვე მეცხრე წელია, ხელისუფლებაში არიან და კუნთებს ნუ ათამაშებენ. დაუძახონ ოპოზიციას და დაილაპარაკონ. თავი დაანებონ წინაპირობებით ლაპარაკს. მელიას დაკავებამ დაამძიმა სურათი, მაშინ, როცა ქვეყანას ამოსუნთქვა და დამშვიდება სჭირდება. ორივე მხარემ ემოციები უნდა მოთოკოს. სასწორზე დევს ქვეყნის პერსპექტივა, ხალხის პრობლემებზე უნდა ვიფიქროთ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.