ალეკო ელისაშვილი - საჭიროა არა ფართხაფურთხით მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ ფუნდამენტური რეფორმა, რათა დამოუკიდებელი სასამართლო მივიღოთ
სასამართლოსთან დაკავშირებით გვჭირდება არა ფართხაფურთხით მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ რეალური, ფუნდამენტური რეფორმა, რათა დამოუკიდებელი სასამართლო მივიღოთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც ელისაშვილი ამბობს, მისთვის გაუგებარია, რატომ ჩქარობს „ქართული ოცნება“.
რატომ ჩქარობს „ქართული ოცნება”, წარმოდგენა არ მაქვს და გაუგებარია. დაუსაბუთებელია ამ პროცესის ფორსირებას რატომ ახდენს მაშინ, როცა მარკერით დახაზული და მკაფიო გზავნილებია, რომ პროცესი შეჩერდეს. სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება არა ფართხაფურთხით მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ რეალური, ფუნდამენტური რეფორმა, რათა დამოუკიდებელი სასამართლო მივიღოთ. ახლა რაც ხდება, გაუგებარია. მით უფრო გაუგებარია, რომ ვაკანსიებზე მოქმედი მოსამართლეები უნდა შეირჩნენ, სხვა იურისტებისგან რატომ არა, რომლებიც კვალიფიციური და კეთილსინდისიერები არიან. ეჭვი არის, რომ მორჩილი მოსამართლეები სჭირდებათ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორები პროცესებთან დაკავშირებით რეკომენდაციას იძლევიან და შიდა საქმეებში არ ერევიან.
„ჩარევას ვერ ვხედავ, სად არის ჩარევა, როცა გაფრთხილებენ და რეკომენდაციას გაძლევენ. ვიღაც მოსამართლეს ხელს გადაუგრეხს და დარბაზიდან გამოყრის? ეს იქნება ჩარევა. ახლა რაც ხდება, არის კეთილგანწყობილი მეგობრის რჩევა. ჩვენც ვეთანხმებით, გავაპროტესდებდი, რომ ვხედავდე, რომელიმე ქვეყანა ერევა, მაგრამ როცა მეგობარი კარგს გირჩევს, არის სხვა, ჩარევაა რუსეთის ქმედებები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.