ალეკო ელისაშვილი - საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი თუ ისე მივიღეთ, როგორც მემორანდუმშია, ავტომატურად ნიშნავს, რომ თამარ ჟვანია აღარ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე
კანონპროექტი თუ ისე მივიღეთ, როგორც მემორანდუმშია, ავტომატურად ნიშნავს, რომ თამარ ჟვანია აღარ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის მიზანია ქვეყანაში ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელსაც ხალხი ენდობა.
„სამუშაო ჯგუფის მიზანია, რომ ბოლოს და ბოლოს მივიღოთ ისეთი არჩევნები, რომელსაც ვენდობით. 30 წელია, ეს გვინდა. ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ. ცვლილებები პირველ მარტამდე უნდა დაინიცირდეს. ამ ყველაფერმა სანდო არჩევნები უნდა მოგვიტანოს, ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯი. თუ არჩევნები პატიოსნად ჩატარდება, ეს განაპირობებს იმას, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდება და ხელისუფლებების შეცვლას ისე შევძლებთ, რომ მეორე დღეს არ იყოს გადატრიალებები, რევოლუციები, ქუჩაში აქციები. თუ ეს კანონპროექტი ისე მივიღეთ, როგორც მემორანდუმშია, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თამარ ჟვანია აღარ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
ჯგუფი საარჩევნო რეფორმის მომზადების მიზნით იმუშავებს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები შალვა პაპუაშვილი და ლევან იოსელიანი არიან.
ჯგუფის მიერ მოსამზადებელი რეფორმა იმ მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დაიდო. ამ დოკუმენტის შესაბამისად, საარჩევნო რეფორმა ფუნდამენტურად უნდა გატარდეს. მათ შორის, უნდა შეიცვალოს ცესკო-ს დაკომპლექტების წესი, ახალი წესით აირჩევა ცესკო-ს თავმჯდომარე, ასევე ხმის მიცემის სისტემა ელექტრონული იქნება.