ალეკო ელისაშვილი - საარჩევნო რეფორმაში ჩართული ყველა ადამიანი პირნათელი ვართ ქვეყნის მომავალთან, არც ცესკო-სთან არის მიტინგი, გაყალბდას არავინ ყვირის, რასაც აღიარება უნდა, განსაკუთრებით ოპოზიციისგან
მე, ლევან იოსელიანი, ჩვენი პარტია და ყველა, ვინც იყო ჩართული საარჩევნო რეფორმაში, პირნათელი ვართ ამ ქვეყნის მომავალთან. არც ცესკო-სთან არის მიტინგი, არც გადადექის ყვირის არავინ, არც გაყალბდას და არც ოქმების ფრიალი მიდის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 30-წლიანი სამარცხვინო ტრადიცია დასრულდა და გადაიდგა ერთი ნაბიჯი წინ, რასაც აღიარება უნდა.
„ჩვენი 30-წლიანი სამარცხვინო ტრადიცია დავასრულეთ, ერთი ნაბიჯით წავედით წინ, ამას აღიარება უნდა განსაკუთრებით იმ ხალხის მხრიდან, ოპოზიციაში რომ ზეიმობენ. ჩვენ ნუ გვეტყვიან მადლობას. ჩვენ მადლობისთვის არ გაგვიკეთებია ეს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, ალეკო ელისაშვილის განმარტებით, საარჩევნო მიმართულებით არსებული ხარვეზების ბოლომდე აღმოსაფხვრელად და გასასწორებლად სისტემური რეფორმების ჩატარებაა საჭირო.
„რა თქმა უნდა, სისაძაგლეები რჩება, მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა და ესეც თავისით არ მოგვარდება. აქაც მუშაობა და სისტემური რეფორმაა საჭირო. ჩვენ ასევე გვლანძღავდნენ, როდესაც ვამბობდით, რომ ეს არჩევნები არ მიგვაჩნდა რეფერენდუმად. ეს არის თვითმმართველობის არჩევნები და ეს ნიშნავს კონკრეტული ადამიანების პრობლემების მოგვარების არჩევნებს. ვამბობდით, მოდით, ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკოთ თბილისშიც და სხვაგანაც, ზუსტად იგივე თქვა ეუთო/ოდირის დელეგაციამ და შეერთებული შტატების საელჩომ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.