ალეკო ელისაშვილი - საარჩევნო ბარიერის დაწევა თუნდაც სატყუარა იყოს, ადექი შე დალოცვილო, შემოდი პარლამენტში და მხარი დაუჭირე იმას, რაც ქვეყნისთვის კარგია
საარჩევნო ბარიერის დაწევა თუნდაც სატყუარა იყოს, ადექი შე დალოცვილო, შემოდი პარლამენტში და მხარი დაუჭირე იმას, რაც ქვეყნისთვის კარგია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე შეფასებით, მრავალპარტიული პარლამენტის არსებობისთვის საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს დაბალი, ოპოზიცია კი ქვეყნის მომავალს უჯიუტდება.
„ვინც ამბობს, რომ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები სატყუარაა, ისიც გვითხრას, წარმოდგენილი ინიციატივები ქვეყნისთვის კარგია თუ ცუდი, მრავალპარტიულობას და დემოკრატიულობას ხელს შეუწყობს თუ არა. პასუხი ერთმნიშვნელოვანია – მრავალპარტიული პარლამენტი თუ გვინდა, საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს დაბალი და ეს ქვეყნისთვის კარგი თუა, სატყუარა როგორ არის? თუნდაც სატყუარა იყოს, ადექი შე დალოცვილო, შემოდი პარლამენტში და მხარი დაუჭირე იმას, რაც ქვეყნისთვის კარგია. ქვეყნის მომავალს რატომ უჯიუტდებიან და ქვეყნის მომავლისთვის კარგ იდეას რატომ მოიხსენიებენ ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით? ევროპელი და ამერიკელი მეგობრებიც გვეუბნებიან, რომ ძალიან ბევრს პარტიული და ქვეყნის ინტერესების ერთმანეთისგან გამიჯვნა უჭირს და ქვეყნის პერსპექტივას თავისი კერძო ინტერესიდან უყურებს. უნდა გააკეთო ის, რაც ქვეყნისთვის სწორია. ქვეყნისთვის კი სწორია დაბალი საარჩევნო ბარიერი.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, იმ პარტიებს ვინც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ბიუჯეტიდან ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარი აქვს აღებული, ხოლო პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ აღებული აქვს ნული ლარი“, – განაცხადა ელისაშვილმა.