ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილს აქვს ორი დღის წესრიგი, გამოვიდეს ციხიდან და მოახდინოს რევოლუცია, ბოდიში, მაგრამ მისი პარტნიორები ვერ ვიქნებით
სააკაშვილთან არაფერი გვესაქმება. ერთი წელი გვლანძღავდნენ, რატომ შეხვედით პარლამენტშიო, შემდეგ თავად გამწკრივდნენ და პარლამენტში ისე შემოვიდნენ, ვითომ, არაფერი მომხდარა, ახლა ჩვენგან ისევ გაერთიანებას ითხოვენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს აქვს ორი დღის წესრიგი – გამოვიდეს ციხიდან და მოახდინოს რევოლუცია. ელისაშვილი ამბობს, რომ რევოლუციაში ვერავის, მითუმეტეს სააკაშვილს მხარს ვერ დაუჭერენ.
„მიხეილ სააკაშვილთან არაფერი გვესაქმება. ერთი წელი გვლანძღავდნენ, რატომ შეხვედით პარლამენტშიო, შემდეგ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამწკრივდნენ და პარლამენტში ისე შემოვიდნენ, ვითომ, არაფერი მომხდარა. ახლა ჩვენგან ითხოვენ, არიქა, ისევ გავერთიანდეთ. არ ვიცი, ესენი როგორ სოციუმში გაზრდილი ან როგორი პოლიტიკური გემოვნების ხალხია, მაგრამ ჩვენთვის ასეთი რაღაცები მიუღებელია.
ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის წყალობით ვერგანხორციელებული რევოლუციის ჟინითაა შეპყრობილი, სხვა დღის წესრიგი არ აქვთ მათ, არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არც სააკაშვილს. სააკაშვილს აქვს ორი დღის წესრიგი, რომ ციხიდან გამოვიდეს და რევოლუცია მოახდინოს. ბოდიში, მაგრამ ვერც ერთში და ვერც მეორეში მისი პარტნიორები ვერ ვიქნებით. თუ ქვეყნისთვის რაიმე სასარგებლო იდეა ექნება, კი ბატონო, მხარს დავუჭერთ, მაგრამ რევოლუციაში ვერავის და მით უმეტეს, სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ მხარს ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.