ალეკო ელისაშვილი - რუსეთში კარგად უნდა იცოდნენ, რომ ადამიანებს, მით უფრო გავლენიან და ცნობილ პირებს, რომლებიც აბუჩად იგდებენ ქართულ სახელმწიფოს, პრობლემები შეექმნებათ
უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთის მოქალაქეებს არანაირი პრობლემა არ აქვთ, მაგრამ რუსეთში კარგად უნდა იცოდნენ, რომ ადამიანებს, მით უფრო გავლენიან და ცნობილ ადამიანებს, რომლებიც აბუჩად იგდებენ ქართულ სახელმწიფოს და ნანობენ, რომ თურმე რუსული ტანკები შუა გზაზე რატომ გაჩერდნენ და ბარემ თბილისამდე რატომ არ შემოვიდნენ, ასეთ ხალხს პრობლემები შეექმნებათ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ისინი ვერ გამოისეირნებენ, როგორც თავად ეძახდნენ ხოლმე ანდროპოვიდან მოყოლებული „იუჟნაია შაშლიჩნაიაში“ და მშვიდად მხართეძოზე რესტორნებში ვერ წამოწვებიან. ეს არ არის რადიკალიზმი, ეს სახელმწიფოებრივი ღირსების დაცვაა. ჩვეულებრივ რიგით რუს ტურისტებს არც მანამდე ჰქონდათ პრობლემა საქართველოში და არც შემდეგ ექნებათ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს აბუჩად ამგდებებს პრობლემა ექნებათ და კიდეც უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსებმა მკაფიოდ უნდა გაიგონ, რომ მათთვის საქართველოში მოგზაურობა საშიშია.