ალეკო ელისაშვილი - როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ გვერდები ეფხანება, ერთხელ დააბიჯა ფოცხს და ტარი მოირტყა თავში, ახლა დაჟინებით მიდის, რომ კიდევ ერთხელ გასინჯოს, ისევ დარეტიანდება თუ არა
„ქართულმა ოცნებამ“ ერთხელ დააბიჯა ფოცხს და მოირტყა ტარი თავში, ახლა დაჟინებით მიდის, რომ კიდევ ერთხელ გასინჯოს, კიდევ დარეტიანდება თუ არა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ გვერდები ეფხანება და წერას არიან აყოლილები. ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს წინა ამბიდან, როდესაც ცარიელ ადგილზე შექმნეს საბედისწერო პრობლემა. როგორც ჩანს, ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს. ფოცხი არის ასეთი რამ – სასოფლო- სამეურნეო ნივთი და თუ გადმოტრიალებული გდია, რომ მიხვალ, მის კბილებს რომ დააბიჯო, თავში ტარი გხვდება. „ქართულმა ოცნებამ“ ერთხელ დააბიჯა ამ ფოცხს და მოირტყა ტარი თავში, ახლა დაჟინებით მიდის, რომ კიდევ ერთხელ გასინჯოს, კიდევ დარეტიანდება თუ არა“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირებას კარგი არაფერი მოჰყვება.
„ძალიან მძიმე ამბავი მოჰყვება ამას და არ ჩაივლის მარტივად. რატომ აკეთებენ ამას ცარიელ ადგილზე, რატომ ქმნიან ასეთ საბედისწერო ამბავს? ამ ამბავს კარგი არაფერი მოჰყვება. ეს კანონი შინაარსითა და სულისკვეთებით არის რუსული კანონი. არანაირი „ფარა“ და არანაირი ფრანგული უცხოური გავლენის კანონები არაფერ შუაშია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.