ალეკო ელისაშვილი - რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი არ მოვაწერეთ, ოპოზიციას ვეუბნებოდით, რომ ეს სიცანცარე იყო, მათი სიცანცარის გამო, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გამოვიდა გამარჯვებული
რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი არ მოვაწერეთ, ოპოზიციას ვეუბნებოდით, რომ ეს სიცანცარე იყო, ოპოზიციის სიცანცარის გამო, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გამარჯვებული გამოვიდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ეთრთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას მეტი სერიოზულობა მართებს.
„რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი არ მოვაწერეთ, ოპოზიციას ვეუბნებოდით, რომ ეს სიცანცარე იყო. მათ ვუთხარით, როგორ უნდოდათ, საკონსტიტუციო ცვლილებები გამოეტანათ, თუ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული არ იყო, რადგან 113 ხმა უნდა. ოპოზიციის ხმები რომ გაამრავლო, მაინც არ ეყოფოდა. რატომ აკეთებენ ამას? კი ბატონი, პოლიტიკაა და შოუს ელემენტებს შეიცავს, მაგრამ მხოლოდ შოუ ხომ არ უნდა იყოს? გუშინ, ხალხს რა ვაჩვენეთ, „ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოვხსენით? ოპოზიციის სიცანცარის გამო, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გამარჯვებული გამოვიდა, ცოტა მეტი სერიოზულობა გვმართებს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა და შესაბამისი ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას და განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავდა. პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში 15 ივლისს შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.
ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ კი განაცხადეს, რომ „არ აპირებენ რადიკალური ოპოზიციის მოგონილ, საბოტაჟურ და უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას“. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ რიგგარეშე სესიის გასახსნელად საჭიროა, ჩატარდეს პლენარული სხდომა, თუმცა პლენარული სხდომისთვის განსაზღვრული საკითხები ოპოზიციის მხრიდან არ არის წარმოდგენილი.