ალეკო ელისაშვილი - რიგგარეშე სხდომის მოთხოვნას ჩვენ არ შევუერთდით, რადგან ვხედავდით, რომ ოპოზიციის მხრიდან საკითხები არ იყო მომზადებული, მეტი კოორდინაცია გვჭირდებოდა
ალეკო ელისაშვილი - რიგგარეშე სხდომის მოთხოვნას ჩვენ არ შევუერთდით, რადგან ვხედავდით, რომ ოპოზიციის მხრიდან საკითხები არ იყო მომზადებული, მეტი კოორდინაცია გვჭირდებოდა

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი პარტია რიგგარეშე სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით მოთხოვნას არ შეუერთდა, რადგან მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის მხრიდან საკითხები არ იყო მომზადებული. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ რიგგარეშე სესიისთვის მეტი მუშაობა და კოორდინაცია იყო საჭირო.

„გასაგებია, მილიონი სხდომა ჩაგვიტარებია, მაგრამ სესიას რომ იწვევ, შინაარსი ხომ უნდა ჰქონდეს იმ სხდომას. საერთო ჯამში ეს ყველაფერი გადაიზარდა ტრადიციულ ჩხუბსა და დაპირისპირებაში – ჩაგატარებინებთ, არჩაგატარებინებთ, ბასტი-ბუბუ, სამწუხაროდ, როგორც ხშირად გხვდება ხოლმე. უკეთესი იქნებოდა, მეტი პასუხისმგებლობით და მეტი სერიოზულობით მოვკიდებოდით ამ საკითხს, უფრო მეტად გვემუშავა დღის წესრიგზე და შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენც შევუერთდებიდით ამ მოთხოვნას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „ორივე მხარე – მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთმანეთს საბოტაჟში ადანაშაულებს, თქვენ როგორ აფასებთ?“, – ელისაშვილი აღნიშნავს, რომ „არც „ქართული ოცნებაა“ მართალი და არც ოპოზოცია“.

„არც ისეა და არც ასე. არც „ქართული ოცნებაა“ მართალი და არც ოპოზიცია, რადგან კარაგად უნდა გავიგოთ, რაზეა საუბარი, ერთ სხდომაზე, რომელიც ვერც გადაარჩენს საქართველოს და ვერც დააქცევს. სჯობდა, უფრო მშვიდად, წყნარად გველაპარაკა სხდომამადე, კოორდინაცია მოგვეხდინა და გაგვემართა ეს სხდომა. ერთი სხდომა იქით, ერთი სხდომა აქეთ, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა გვემუშავა ამისთვის. რა თქმა უნდა, „ ქართული ოცნებაც“ აჭარბებს, როცა იძახის საბოტაჟს და დანარჩენი ოპოზიციაც. ჩვენ ვფიქრობთ, უფრო წყნარად, მშვიდად და მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდით ამ ყველაფერს და შემდეგ იქნებ ერთად მიგვეღწია, რომ სხდომაც დაგვენიშნა. მარტო სხდომის დანიშვნა ხომ არ არის, გვქონოდა კონკრეტული საკითხები, რაზეც ვიმუშავებდით. ახლა რაზე უნდა გაგვემართა სხდომა, უბრალოდ რომ ვაჩვენოთ, რომ ოპოზოციას ზაფხულში მუშაობა არ გვეზარება.  არ გვეზარება, აგერ ვარ. ამდენად, მეტი სერიოზულობა გვამართებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა და შესაბამისი ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას და განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავდა. პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში 15 ივლისს შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.

ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ კი განაცხადეს, რომ „არ აპირებენ რადიკალური ოპოზიციის მოგონილ, საბოტაჟურ და უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას“. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ რიგგარეშე სესიის გასახსნელად საჭიროა, ჩატარდეს პლენარული სხდომა, თუმცა პლენარული სხდომისთვის განსაზღვრული საკითხები ოპოზიციის მხრიდან არ არის წარმოდგენილი.