ალეკო ელისაშვილი - რიგგარეშე სესიის მოწვევას ვუერთდები, ხელი მოვაწერეთ, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რა მიზნით შეხვდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
„მურუსიძეს რა უნდა? მიტყეპეს, კუთხეში დააყენეს და ახლა ღარიბაშვილთან უნდა მივიდეს, რომ თავზე ხელი გადაუსვას, ლოყაზე უჩქმიტოს, ნუ გეშინიაო? ვერაფრით ვხვდები, რა შუაშია. მურუსიძეს რომ ჰკითხო, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და ერთ-ერთი ყველაზე ღონიერი შტოა, თან სასამართლო ხელისუფლების ლიდერი მე ვარო. რატომ ხვდებიან პრემიერ-მინისტრს, უნდა დაუყვავოს თუ თავზე ხელი მოუცაცუნოს? მურუსიძისა და დასანქცირებული მოსამართლეების ეს ძალისხმევა სასაცილოა, ღიმილის მომგვრელია და საბავშვო ბაღში როგორც იქცევიან, ასეთ ქცევას მაგონებს.
პრობლემის მოგვარების გზა ასე მარტივი არ არის. „ქართულმა ოცნებამ“, სამარცხვინოდ, მურუსიძე უვადო მოსამართლე გახადა, შესაბამისად, კონსტიტუციაში გარანტიები პირდაპირ წერია. როგორც ჩვენ გვგონია, ასე მარტივი არ არის, ახლა ხელი მოვკიდოთ და გავყაროთ. მურუსიძის ადგილზე საერთოდ წავიდოდი ყველანაირი სისტემიდან, სადაც შეიძლება, ვიყო. ჯერ ერთი, ისეთი სახელგატეხილია, როგორი სახელგატეხილიც არის; მეორე, უკვე მთელ მსოფლიოში გამოაჭენეს და თქვეს, რომ ეს კაცია გლახა კაციო. სამართლებრივად რთულია, მოსამართლეებს უფლებამოსილება შეუწყვიტო, ასე არ ხდება, მაგრამ არ ვიცი, მორალურად და ეთიკურად მის ადგილას როგორ მოვიქცეოდი. შეიძლება, თავში რევოლვერი დამეხალა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, შეიქმნას სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამ მიზნით რიგგარეშე სესიის მოწვევას უერთდება.
„მე და ქეთი თურაზაშვილმა ჩვენი პარტიის სახლით ხელი მოვაწერეთ, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ვეთანხმებით იმ აზრს, რომ რიგგარეშე სესია იყოს მოწვეული, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მომავალ კვირას ისედაც სასესიო კვირაა. სასურველი იქნებოდა, მალე გვეყარა კენჭი და მხარი დაგვეჭირა. იმედი მაქვს, ერთ საგამოძიებო კომისიას მაინც გავიტანთ ოპოზიცია ამ შემადგენლობის პარლამენტში“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.