ალეკო ელისაშვილი - რეზოლუციის ტექსტი არის დიპლომატიური და დაბალანსებული, მაგრამ აკლია ადრესატი, თუმცა ხარვეზიანი ტექსტის მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთოდ მხარის არდაჭერა
რეზოლუციის ტექსტი არის მოზომილი, დიპლომატიური და დაბალანსებული, მაგრამ აკლია ერთი კომპონენტი – ადრესატი, რუსეთის ფედერაცია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით განცხადა.
მისივე თქმით, ტექსტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები რომ იყოს, სწორი რეზოლუცია იქნებოდა.
„რუსეთის ფედერაცია რომ ეწეროს, ძალიან მოზომილი და სწორი რეზოლუცია იქნებოდა, მაგრამ ეს აკლია. პირადად მე რაც არ მომწონს არის ის, რომ სიბეჩავეს ვასხივებთ და ვაჩვენებთ, რომ იმდენად შეშინებული ვართ, რუსეთის ხსენებაც კი არ შეგვიძლია რეზოლუციაში. არ ვამბობ, რომ ლანძღვა დავუწყოთ, შევვარდეთ, გავაღიზიანოთ, პროვოკაციაზე წამოვაგოთ, ეს ერთხელ უკვე ვიწვნიეთ, მძიმე შედეგები გვაქვს და რუსეთთან მიმართებაში სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ სამწუხაროდ, სიბეჩავესა და სიფხიზლეს შორის ზღვარია დაკარგული. რეზოლუცია მიანიშნებს სწორედ ჩვენს სახელმწიფოებრივ სიბეჩავეზე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რეზოლუციას მხარს დაუჭერენ.
„საბოლოო ჯამში, ეს რეზოლუცია ხომ უკრაინის მხარდამჭერია და „მოქალაქეები“ ცუდი არჩევანის წინაშე დავდექით – მხარი საერთოდ არ დაგვეჭირა, თუ რა გვექნა? უკრაინა იმდენად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომ ხარვეზიანი ტექსტის მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთოდ მხარის დაუჭერლობა“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
შეგახსენებთ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის საკუთარი ვარიანტი წარადგინა.