ალეკო ელისაშვილი - „რესპუბლიკური პარტიისგან" სახელმწიფოებრივად სწორი და მამაცი განცხადება მოვისმინეთ, საქციელს შევუქებ
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივას უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.
მისივე თქმით, ამ განცხადების პარალელურად, გამოჩნდა ოპოზიციაში არსებული ფუნდამენტალიზმი, რომელიც განსხვავებულ აზრს ახშობს.
ელისაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ნულოვანი ბარიერით პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტი უნდა დააინიციროს.
„რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან სახელმწიფოებრივად ძალიან ზუსტი, სწორი და მამაცი განცხადება მოვისმინეთ. ასევე, დავინახეთ ოპოზიციაში არსებული ფუნდამენტალიზმი – თუ ვინმე ოდნავ განსხვავებულად რაღაცას ამბობს ან აზროვნებს, იმ წამს ყელში ეძგერებიან და მზად არიან, შუაზე გაგლიჯონ. არადა, ამ ხალხს რომ ჰკითხო, მრავალპარტიული დემოკრატია უნდათ. „რესპუბლიკელებს“, ყოჩაღ, საქციელს შევუქებ. თუ გვინდა, რომ ორპოლუსიანობა ქვეყანას შუაზე არ გლეჯდეს, მაშინ ბარიერი მინიმალური უნდა იყოს.
„ქართული ოცნება“ რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ რა უნდა ქნას, ვიცი. კანონპროექტი უნდა დააინიციროს ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით. კარგი იქნება, თუ ოპოზიციის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მამაცი ნაწილი შემოვა ერთი დღით მაინც და ამ ქვეყნისთვის რამეს გააკეთებს. მიმაჩნია, რომ თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე არაერთჯერადად უნდა იყვნენ პარლამენტში, მაგრამ პარლამენტში მუშაობას ნუ აქცევენ ზოგიერთები ერის ღალატად. პოლიტიკურ პარტიებს ხმა იმისთვის მისცეს, რომ აქ მოვიდნენ და იმუშაონ. სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე თუ არ შემოვლენ და ხმას არ მისცემენ, აბა, პოლიტიკური პარტიები რისთვის არსებობენ?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ მზადყოფნა გამოთქვა, უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.