ალეკო ელისაშვილი - რაღაც კოალიცია რომ შევქმნათ იმ პარტიებმა, რომლებსაც არც „ქართული ოცნება“ გვინდა, არც „ნაციონალური მოძრაობა“, მერე რა ვაკეთოთ, „ზილინა“ ვიცეკვოთ თუ ბუქნები ვაკეთოთ, ახლა ამას აზრი არ აქვს
ახლა რაღაც კოალიცია რომ შევქმნათ იმ პარტიებმა, რომლებსაც არც „ქართული ოცნება“ გვინდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“, მერე რა ვაკეთოთ, ხელი ჩავკიდოთ და „ზილინა“ ვიცეკვოთ, ხორუმი ვიცეკვოთ თუ ბუქნები ვაკეთოთ ერთად? ახლა აზრი არ აქვს ამას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ახლა ყველაზე სწორი იქნება, პარტიებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ, რადგან ქვეყანას ასე სჭირდება.
„ორი წელი გვლანძღავდნენ მე და ლევან იოსელიანს, რატომ შეხვედით პარლამენტშიო, აქციებს გვიწყობდნენ, ჩემს ფოტოებს წვავდნენ და მერე გამწკრივდნენ და ყველა შემომყვა. დღემდე არ გაჩერებულან. მაგრამ ამ ფონზე, ჩვენ პარლამენტში რომ მოვხვდით, ერთი პროცენტი გვქონდა, შემდეგ ელექტორატი არ დაგვიკარგავს, ყველა კვლევაში ერთი პროცენტი გვქონდა. ბოლო კვლევაში გვქონდა 100-პროცენტიანი ზრდა, ორი პროცენტი. ეს ჩემთვის დამაიმედებელია, რადგან ხალხი მიხვდა, რომ ფული არ აგვიღია და ქვეყნისთვის სწორი გავაკეთეთ. სინამდვილეში, ყველას პარლამენტში უნდოდა შესვლა, უბრალოდ, ვერავინ ბედავდა, შნო არ ჰქონდათ. მე და ლევანმა ავიღეთ ჩვენს თავზე, ვიცოდით, რა ჯოჯოხეთს გავივლიდით, მაგრამ ვიცოდით, რომ ასე იყო სწორი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ქართული დემოკრატიისთვის, სახელმწიფოს განვითარებისთვის უკეთესია დაბალი ბარიერი.
„ჩვენ ამ პარლამენტში ერთხელ ვუყარეთ კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებას შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე და 3 პროცენტამდე დავწიეთ ბარიერი და შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ შემოდო თაროზე. კარგი იქნება, თუ იქნება დაბალი ბარიერი, მაგრამ ჩვენი პარტია არ ვაპირებთ, რომ ვეხვეწოთ ამასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“. ჩვენი მიზანია, რომ ხუთი პროცენტი არ იყოს ჩვენთვის პრობლემა და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, წინასაარჩევნოდ პარტია „მოქალაქეებს“ აქვს თუ არა დამოუკიდებელი გეგმა, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აქვთ.
„არჩევნები არის 2024 წლის ოქტომბერში. ახლა რაღაც კოალიცია რომ შევქმნათ იმ პარტიებმა, რომლებსაც არც „ქართული ოცნება“ გვინდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“, მერე რა ვაკეთოთ, ხელი ჩავკიდოთ და „ზილინა“ ვიცეკვოთ, ხორუმი ვიცეკვოთ თუ ბუქნები ვაკეთოთ ერთად? ახლა აზრი არ აქვს ამას. ახლა ყველაზე სწორი იქნება, რომ ელემენტარულად დავიწყოთ ერთმანეთთან ლაპარაკი, ეს შევძლოთ, რადგან ქვეყანას ასე სჭირდება. ერთმანეთი ხომ გვყავს ყველას დალანძღული. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მე პირადად არაფერი სალაპარაკო არ მაქვს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.