ალეკო ელისაშვილი - რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა „კალოშები“ ამოიცვან, შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით? სააკაშვილმა ბოდვებს თავი დაანებოს, სტრასბურგში გაიმართლოს თავი
ყველა სოფელში შექმენით ჩემი გათავისუფლების კომიტეტიო – აბსურდია, მახნოს და ბოლშევიკების დრო ხომ არ არის, ტროცკივით რომ გაიძახის გამომიხსენი ციხიდანო. სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ მართლა ჩალით დახურული ჰგონია ქვეყანა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივ კომიტეტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს თუ არაფერი დაუშავებია, თავი უნდა გაიმართლოს.
„რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა „კალოშები“ ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით? რა უბედურებებს ლაპარაკობს. გაიმართლოს თავი თუ არაფერი დაუშავებია. თუ მართლა ტელევიზიით უყურებდა ყველაფერს, გირგვლიანის საქმე არ არსებობდა და გელაშვილმა თავი იცემა, ქონება წაირთვა და პარლამენტიდან თვითონ გაიგდო თავი, ცამდე მართალი თუ არის და მამა აბრამის ბატკანი, გაიმართლოს თავი. მესმის, რომ ამ სასამართლოს მტერი ენდოს, მურუსიძის სასამართლოში სააკაშვილი კი არა, ვერავინ იპოვის სამართალს. მეც მაინტერესებს მტკიცებულებები. ერთია, მე რა ვიცი, ჩვენ რაც ვიცით და მეორეა, მტკიცებულებები. რა კომიტეტი შექმენით და სახალხო რაზმი მოვარდეს, ბოდვებს თავი დაანებოს, სტრასბურგში გაიმართლოს თავი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.