ალეკო ელისაშვილი - ქონებრივი დავების შემთხვევაში, ინვესტორებს იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ სამართალს იპოვიან სასამართლოში და არა ქურდებთან
ჩვენი სასამართლო სანდო თუ არ იქნება, ქვეყანაში ინვესტიციებს არავინ ჩადებს. ამას უკვე სახელმწიფო დეპარტამენტიც კი ამბობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა ისეთი სასამართლო რეფორმა, რომლის მიმართ ნდობა იქნება.
„ამიტომ გვჭირდება სასამართლო რეფორმა, რომ სასამართლოს ვენდობოდეთ, ვერავინ დაგვჩაგროს და დაცულები ვიყოთ, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში ფული დააბანდონ. ქონებრივი დავების შემთხვევაში, ინვესტორებს იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ სამართალს იპოვიან სასამართლოში და არა ქურდებთან, ფარცხალაძესთან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია, თუმცა არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ.