ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნების” შიდა დინებებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ არც მსმენია, რომ თალაკვაძის გადადგომა სხვა მიზეზს უკავშირდებოდეს, დიდი ალბათობით, რასაც ამბობენ, რეალურია
ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ არჩილ თალაკვაძის გადადგომასთან დაკავშირებით გახმაურებული მიზეზები დიდი ალბათობით რეალურია.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
„ქართული ოცნების” შიდა დინებებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ არც მსმენია, რომ სხვა მიზეზი იყოს, რასაც არ ამბობენ. დიდი ალბათობით რეალურია, რასაც ამბობენ – ის, რომ ნეიტრალური ფიგურა სურდათ და ეს არის კარგი, რათა ოპოზიციის შემოსვლის შემდეგ პარლამენტი არ იყოს მუდმივი დაპირისპირების ასპარეზი, უფრო ნეიტრალური და მიუკერძოვებელი ფიგურის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა. ისეთი პირი უჩანს, მგონი, ეს იყო მიზეზი. კახა კუჭავას მხარი რატომ არ უნდა დავუჭირო? ყოველ შემთხვევაში, ჯერ ისეთი არაფერი გაუკეთებია, რის გამოც შეიძლება დავუპირსპირდე და მხარი არ დავუჭიროთ. ჩვენ ისეთი პარტია ვართ, რომელიც ყალბი წესებით არ ვხელმძღვანელობთ, რასაც გული გვკარნახობს და სწორია, ვაკეთებთ. ამ შემთხვევაში, არაფერი გვაქვს ხელმოსაჭიდი კუჭავა დავგმოთ და რატომ უნდა დავგმოთ?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.