ალეკო ელისაშვილი - ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს დღეს სჭირდება კომპრომისი, ემოციების დაცხრობა და ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს სჭირდება კომპრომისზე წასვლა.
ელისაშვილის თქმით, სურდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილისგან პარლამენტში გამოსვლის დროს მოესმინა სწორედ მზაობა კომპრომისისთვის, ოპოზიციასთან დიალოგისთვის.
ალეკო ელისაშვილმა 1991-92 წლების მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ძლიერი იყო საბჭოთა უშიშროების მხრიდან წაქეზება, თუმცა მთავარი დამნაშავეები იყვნენ ქართველი პოლიტიკოსები თავისი უკომპრომისობით.
„დღემდე მახსოვს ის ემოცია, პირველად დარბაზში რომ შემოვედი, ეს დარბაზი მაშინ ცარიელი იყო. დღემდე მახსოვს ერთი დიდებული ქართველის გამოსვლა ამ დარბაზში, მაშინ ამ დაწესებულებას უზენაესი საბჭო ერქვა. ალბათ არც ერთ თქვენგანს უემოციოდ არ მოგისმენიათ მაშინ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა, როდესაც მან წაიკითხა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დეკლარაცია – აღსრულდა ნება ღვთისა… ჟრუანტელის გარეშე ამ ჩანაწერს ვერ ვუყურებ ხოლმე. ეს სიტყვები ამ დარბაზში ითქვა, მაშინ სკოლიდან გამოვიქეცი, რომ მივსულიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად სახლში და ამ დიდებული მოვლენისთვის ტელევიზორით მედევნებინა თვალ-ყური. შემდეგ კიდევ უფრო მწარედ მახსოვს ის დაცემა ეროვნული და სახელწმიფოებრივი, ის ამბები, რაც ვითარდებოდა ამ შენობაში, ამ შენობის მიღმა, 1991-92 წლის ზამთარში, აღტყინებული ჩვენი სახელმწიფოს აღდგენით როგორ დავეცით ყველანი, როგორ დავუპირისპირდით ერთმანეთს ტანკებით,ზარბაზნებით, ავტომატებით. რა თქმა უნდა, ძლიერი იყო გაქეზება საბჭოთა უშიშროების, მტრული სახელმწიფოსი, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი დამნაშავეები იყვნენ ქართველი პოლიტიკოსები თავისი უკომპრომისობით, თავისი ჟინით, თავისი აზრის გატანის ჟინით შეპყრობილები. შედეგები ყველამ კარგად ვიცით, სულ გული მწყდება, რომ ისტორიიდან გაკვეთილები ვერ გამოგვაქვს ხოლმე. დღესაც, ბატონო ირაკლი, გულდაწყვეტით გისმენდით, რადგან მე როდესაც უნივერსიტეტში პოლიტოლოგიას მასწავლიდნენ, ყველაზე მეტად მომეწონა განმარტება – პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება.
ჩემ თავს სულ ვუმეორებ ამას, რადგან ერთ-ერთი უკომპრომისო მეც ვარ, მეც ჟინი მძლევს, რომ ვინც შეურაცხყოფას მომაყენებს, სამი იმდენი შეურაცხყოფა მივაყენო და არავის მივცე ჩემი ღირსების შელახვის უფლება, ეს იმდენად მიტაცებს ხოლმე მეც, რომ მავიწყდება მთავარი, რატომაც მინდა, ვიყო პოლიტიკაში ჩართული. მინდოდა, პოლიტიკაში ჩემი ყოფნა ყოფილიყო ხალხის, საქართველოს სამსახური. კომპრომისები დღეს სჭირდება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს – იქითა მხარეს რომ საქართველოა, აქათა მხარეს რომ საქართველოა და აქაც მეჩხრად წარმოდგენილი საქართველო რომაა, ყველას, გულანთებულებს, გავარვარებულებს და ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებულებს ყველას გვჭირდება კომპრომისი. მე მსურდა, თქვენგან მომესმინა არა მუშტების ბრახუნი, არამედ მზაობა კომპრომისისთვის, ოპოზიციასთან დიალოგისთვის. როგორც გულზე უნდა გვეხატებოდეს ან არ გვეხატებოდეს ერთმანეთი, იქითაც ქართული სახელმწიფოა და აქეთაც, გვჭირდება ემოციების დაცხრობა და ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით, ისურვებდა, სამთავრობო გეგმაში ე.წ. ქამრების რეალური შემოჭერის შესახებ მოესმინა.
„ვერ დაიჯერებთ, ისეთი აღტაცებული ვიქნებოდი, თქვენ რომ გეთქვათ, მე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ღარიბი და ევროპაში ყველაზე ღატაკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვაპირებ, ვიარო ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ვიცხოვრო ჩვულებრივი მოქალაქის ცხოვრებით, თითოეული დაზოგილი თეთრი მოვახმარო ხალხს, რომელიც გაჭირვებაშია, ამას მოვისმენდი დიდი აღტაცებით, შემდეგ მოვისმენდი მწყობრად გაწერილ გეგმას, რომელი სამთავრობო ხარჯი უნდა შემცირდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.