ალეკო ელისაშვილი - პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში სამშობლოს ღალატი ვერ დავინახეთ
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში სამშობლოს ღალატი ვერ დავინახეთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ზემდგომი პირების მხრიდან მითითებების გაცემის საკითხი და უბრალო მეცნიერებზე ჯოხი არ უნდა გადატყდეს.
„ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არ იცვლება. ახლა გვინდა გულდასმით ვნახოთ ეს ჩანაწერები. უკვე რაც ვნახეთ, რაიმე განსაკუთრებული სამშობლოს ღალატი ვერ დავინახეთ. დავინახეთ ის, რომ სადღაც ზემოდან ვიღაც მითითებებს იძლეოდა და გამოძიებამ ეს უნდა გაარკვიოს, მაგრამ მაშინაც მიგვაჩნდა და ახლაც მიგვაჩნია, რომ ჯოხის გადატეხვა უბრალო მეცნიერ ხალხზე, რომლებიც არაფერს წყვეტენ, მიწა-წყალი ვის გადაეცეს და ვის არა, ახლაც არასწორად მიგვაჩნია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე ფარულ ვიდეო და აუდიო მასალას ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ მტკიცებულების სახით მოიპოვა ივერი მელაშვილსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ-ს შორის გამართული საუბარი, რომელიც რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს შეეხება.