ალეკო ელისაშვილი - პროცესებს ცოტა უფრო ნამუსიანად უნდა შევხედოთ, ქართველ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, იმ ხალხს აწვალებთ აქ ჩამოსვლით
უკვე ნახევარი წელი გავიდა, რაც როგორც ერთი, ისე მეორე მხარე მაგიდას აჯანჯღარებს, ერთი თავის წითელ ხაზებზე ლაპარაკობს, მეორე თავის წითელ ხაზებზე და ამ დროს ვნახოთ, რა ადარდებს ხალხს, – ამის შესახებ პარტია„მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.
„ის პატიოსანი კაცი თუ მეორედ ისე წავა, რომ შეთანხმება ისევ ვერ შედგება, ამით ვინ დაზარალდება, დანიელსონი თუ საქართველო?
უკვე ნახევარი წელი გავიდა, რაც როგორც ერთი, ისე მეორე მხარე მაგიდას აჯანჯღარებს, ერთი თავის წითელ ხაზებზე ლაპარაკობს, მეორე თავის წითელ ხაზებზე და ამ დროს ვნახოთ, რა ადარდებს ხალხს. არ არის ქართველი პოლიტიკოსების სირცხვილი, როცა ვაშინგტონში თუ ბრიუსელში გვეუბნებიან – პირად პარტიულ ინტერესზე მაღლა დადექით, რეალობას თვალი გაუსწორეთ და ქვეყნისა და ხალხის რეალურ პრობლემებზე იფიქრეთო? მოლაპარაკება ხელის გადაწევა არ არის, მოლაპარაკების მაგიდაზე ქვეყნის მომავალი დევს. თუ ჩვენთვის ქვეყნის მომავალი სულერთია, მაშინ კიდევ უფრო მეტ წითელ ხაზზე ვისაუბროთ, კედლები ამოვაშენოთ, გავმაგრდეთ, ამ შენობას მსგავსი რამე გადატანილი აქვს, ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის და პროცესებს ცოტა უფრო ნამუსიანად უნდა შევხედოთ. ქართველ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, იმ ხალხს კი ვაწვალებთ აქ ჩამოსვლით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.