ალეკო ელისაშვილი - პრეზიდენტის მხრიდან უნდა მოგვესმინა უხერხულობა და თვითკრიტიკა, რომ მედიაციის კუთხით საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას ვერ ახერხებს
პრეზიდენტის გამოსვლაში არ იყო სიღრმისეული ანალიზი და არსად ჩანდა გამოსავალი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ელისაშვილმა სალომე ზურაბიშვილი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მან სიტყვით გამოსვლისას შეწყალებაზე დაწესებულ მორატორიუმზე არ ისაუბრა.
„პრეზიდენტის გამოსვლით კმაყოფილი არ ვარ, მოულოდნელად ხანმოკლე და ძალიან ზოგადი იყო. ქვეყანაში არის ისეთი პრობლემები და საკითხები, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან უფრო მეტ ჩაღრმავებას ნამდვილად იმსახურებს. ზოგადად, ზერელედ შეეხო საკითხებს, არ იყო ეს სიღრმისეული ანალიზი და არსად ჩანდა გამოსავალი. ასევე, ველოდი, რომ რაიმეს იტყოდა, საკუთარ უფლებამოსილებაზე. მან წელიწადნახევრის წინ თავის თავს გამოუცხადა მორატორიუმი – უფლებამოსილება შეიჩერა შეწყალებაზე და მეგონა, რაიმეს იტყოდა ამაზე, თუმცა ვერაფერი მოვისმინე. არადა, ეს პრობლემაა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტს თავი უხერხულად უნდა ეგრძნო, რადგან პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების პროცესში მედიატორის როლი ვერ შეასრულა.
„პრეზიდენტი გამოვიდა და უცხოელ ფასილიტატორებს მადლობა გადაუხადა. მის ადგილას თავს უხერხულად ვიგრძნობდი, რადგან პირველი ფასილიტატორი და მედიატორი პოლიტიკური კრიზისის დროს უნდა იყოს პრეზიდენტი. რომ ჰკითხო, ზეპარტიული პრეზიდენტია და რაში გვჭირდება ეს ზეპარტიულობა, თუ რეალურად არ განხორციელდება. პირველი სივრცე, სადაც უნდა მიმდინარეობდეს დიალოგი, საელჩოები კი არ უნდა იყოს, კარგია, რომ საელჩოებია, მაგრამ პრეზიდენტის სასახლე უნდა იყოს. ერთხელ გვიმასპინძლეს და ისიც იმისთვის, რომ შარლ მიშელისთვის უნდა მოგვესმინა და არა – ზურაბიშვილისთვის. ამისთვის ვიხდით ფულს. მისი მხრიდან ფასილიტატორებისთვის მადლობა კი არ უნდა მოგვესმინა, არამედ უხერხულობა და თვითკრიტიკა, რომ ამ კუთხითაც მისი უფლებამოსილების განხორციელებას ვერ ახერხებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.