ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსს მართავს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ალეკო ელისაშვილი სამოქალაქო მოძრაობასთან ერთად აქცია-პერფორმანსს მართავს. მოძრაობის წევრები შეწყალების საქმეში კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. მათ სიმბოლურად მაგიდა და დაფა მიიტანეს, სადაც სხვადახვა სახის დანაშაულს გარკვეული თანხით აფასებენ.
ელისაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, დაინტერესდეს ადმინისტრაციის მიერ შეწყალების საქმით და გამოიძიონ, თუ ვინ არის კორუფციულ გარიგებაში ჩართული.
„ჩვენ აქ ვაწყობთ პერფორმანსს, რათა ვაჩვენოთ, რა ხდება დახურული შენობის მიღმა. იქ დაქოქეს კორუფციის დაზგა და პატიმრებზე აკეთებენ ფულს. ადამიანებით ვაჭრობა განაახლეს შეწყალების კომისიაში. საერთოდ გააუქმეს კომისია და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აკეთებენ ფულს. ამას წყალი არ გაუვა, რადგან როცა ერთბაშად პრეზიდენტის მაგიდაზე ხვდება სამი მკვლელობაში ბრალდებულის და ერთი ძებნილის გვარი და ამას პრეზიდენტი ბრმად აწერს ხელს, რა თქმა უნდა, არ გვაქვს უნებლიე შეცდომასთან საქმე. ეს არის წინასწარ დაგეგმილი კორუფციული სქემა. ამოოხვრა და თქმა, რომ უიმე, მე ვიღებ პასუხისმგებლობას და მორატორიუმს ვაცხადებ, არის კიდევ უფრო სამარცხვინო და უპასუხისმგებლო განცხადება. დაუყონებლივ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, ჭერში ბუზებს რომ ითვლიან, დაიწყონ გამოძიება. პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ვინც პრეზიდენტს შეუტანა მკვლელების და ძებნილების სია, იმან გააკეთა ფული და ვინ გააკეთა ფული, ამას ჩვენ არ უნდა ვმარჩიელობდეთ. პირდაპირ ტარიფებია, როგორც ჩანს მკვლელებზე, ძებნილებზე, გამაუპატირებლებზე. ეს არის გამოსაძიებელი.
მე ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე და პირდაპირი მნიშვნელობით სისხლი ჩავაქციეთ დებულების გაჯანსაღებას, კორუფციისგან გაწმენდას, კრიტერიუმების შემუშავებას. გამოდის ახლა პრეზიდენტი და იძახის, ბოდიში უნდა მოგვიხადოს ყველას“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.