ალეკო ელისაშვილი - პოლონელებს ახსოვთ სააკაშვილის ჩასვლა კაჩინსკის გასვენებაში, მაგრამ პოლონეთში არ იციან, რომ, ჩვენი კანონმდებლობით, სააკაშვილის შეწყალება სამართლებრივი აბსურდია
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა, რაც ძალიან იშვიათია მის ბიოგრაფიაში, და ჩავიდა კაჩინსკის გასვენებაში, ის იყო, მგონი, ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი. ეს ახსოვთ პოლონელებს, რადგან მადლიერი ხალხია და ამიტომ უჭერენ მხარს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ალეკო ელისაშვილს კითხვა დაუსვეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებაზე, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას მიმართა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, შესაძლოა, წვლილი შეიტანოს სააკაშვილის გათავისუფლებაში. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, დიპლომატების ზეწოლით ან ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ პოზიციას გადახედოს, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არაფერ შუაშია მიხეილ სააკაშვილთან.
„სააკაშვილი ძალიან კონკრეტული დანაშაულისთვის ზის ციხეში. რაც შეეხება უცხოელებს, განსაკუთრებით პოლონელებს, მესმის მათი მხარდაჭერა სააკაშვილის მიმართ, რადგან იმ დროს, როდესაც მათთვის იყო ძალიან მძიმე დღეები, როდესაც მთელი ელიტა, კატინის ერთ-ერთ წლისთავზე რომ მიდიოდნენ კატინში, ვიცით, რაც მოხდა, რაც ჩაიდინეს რუსებმა და შემდეგ თვითმფრინავი ძალიან უცნაურად რომ ჩამოვარდა, მათ შორის, პრეზიდენტი კაჩინსკი რომ დაიღუპა, მაშინ, თუ გახსოვთ, ძალიან გართულებული იყო ფრენები, ისლანდიაში ვულკანი იყო ამოფრქვეული, ვერავინ ჩაფრინდა და სააკაშვილი, რაც მართალია, მართალია, ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა, რაც ძალიან იშვიათია მის ბიოგრაფიაში, მაგრამ ვაჟკაცურად მოიქცა. ამას დაფასება უნდა და ის იყო ერთ-ერთი, მგონი, ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ჩავიდა კაჩინსკის გასვენებაში. ეს ახსოვთ პოლონელებს, რადგან მადლიერი ხალხია და ამიტომ უჭერენ ისინი მხარს. აქ გასაკვირს და ჩვენს შეურაცხმყოფელს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ის ხალხი მადლიერების გამო აკეთებს ამას. მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლონეთის პრეზიდენტმა არ იცის ჩვენი კანონმდებლობა. ჩვენი კანონმდებლობა კი ამბობს ერთ რამეს, რომ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებს. ეს არის სამართლებრივად აბსურდი, გამორიცხული. ვერ შეიწყალებს. შეიწყალებს, მაგრამ, როგორც კი კარი გაიღება საპატიმროში, იმ წამს შეაბრუნებენ სააკაშვილს უკან, რადგან შეწყალება ხდება დამდგარ განაჩენზე, როდესაც უკვე განაჩენი არის დამდგარი, გამოცხადებულია, რამდენი წელი უნდა მიესაჯოს კონკრეტული მუხლისთვის კონკრეტულ მსჯავრდებულს, მაშინ აქვს პრეზიდენტს შეწყალების უფლება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ პასუხობს სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია, სალომე ზურაბიშვილი უცხოელ პოლიტიკოსებს აღნიშნულ საკითხზე დახურულ კარს მიღმა ესაუბრება და ვითარებას უხსნის.
„შეიძლება, დახურულ კარში უხსნის, არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე სალომე ზურაბიშვილთან ამაზე არ მილაპარაკია, მაგრამ გეუბნებით ფაქტს, რომ ჩაიხედოს ნებისმიერმა ჩვენს კანონმდებლობაში. წინმსწრებად, აპრიორი ინდულგენციურად ხომ ვერ შეიწყალებს, რომ უკუნითი უკუნისამდე, რაც გინდა, ჩაიდინეო, ან ჩადენილი გაქვსო, ასე ხომ არ ხდება შეწყალება?! შეწყალება არის კონკრეტულ დანაშაულზე. უნდა თქვას კონკრეტულმა ადამიანმა, რომ ვითხოვ შეწყალებას და შეუძლია, შეიწყალოს პრეზიდენტმა. ორ ბრალზე არ დამდგარა განაჩენი. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებაც“ და პროკურატურაც ამ საქმეებს აჭიანურებს სპეციალურად, რომ ვაითუ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, ჰქონდეთ გეგმა „ბე“ და გეგმა „ცე“ და ა.შ. ვინც სალომე ზურაბიშვილს ტვინს უბურღავს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ ვგულისხმობ, რა იცის იმ კაცმა ჩვენი კანონმდებლობა, საქართველოში ვინც ტვინს უბურღავს სალომე ზურაბიშვილს, რომ შეიწყალე, შეიწყალე, მათ, უბრალოდ, ჩახედონ ელემენტარულ კანონებს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.