ალეკო ელისაშვილი - პარტნიორი ქვეყნის ელჩი იძულებულია, როგორც პატარა ბავშვებს, დაგვიღეჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლა თუ გვინდა, ერთად უნდა ვიმუშაოთ, არ ვიცი, სირცხვილით სად წავიდე
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ პოლიტიკოსებს სურთ, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 პუნქტი შესრულდეს, უმრავლესობამ და ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმუშაოს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სირცხვილია, როდესაც ამასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩისგან ახსნა-განმარტებებს ისმენს.
„არ ვიცი, ასეთ დროს სირცხვილით სად წავიდე ხოლმე. ოპოზიციონერი ვარ და პარტნიორი ქვეყნის ელჩი იძულებულია, რომ როგორც პატარა ბავშვებს, საბავშვო ბაღის მოსწავლეებს უნდა დაგვიღეჭოს, რომ თუ გვინდა, საქართველო ევროკავშირში შევიდეს, ამისთვის 12 პუნქტი უნდა შეასრულოთ, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ ერთად იმუშაონ და ზოგ შემთხვევაში ერთად მუშაობაში ცუდი არაფერია და არავის რეპუტაცია არ ზიანდება. ასეთ რაღაცებს რომ ვისმენ, მრცხვენია, რომ ოპოზიციას ასეთი ახსნა-განმარტება სჭირდება. 12 პუნქტი თუ გვინდა შევასრულოთ, ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, ოპოზიციის ნაწილი რაღაც გაუგებრობით არის დაკავებული.
„აბსოლუტური სიგიჟეა. ერთ შენობაში ვმუშაობთ, პარლამენტში დადიან, კომიტეტებში მონაწილეობენ, სამუშაო ჯგუფებში მუშაობა არ მოსწონთ? – გვერდზე ოთახში გვიწვევენ. ჩვენს ქვეყანას პრობლემები მაშინ დაუდგა, როცა გამსახურდიას დროს აბსურდული არჩევნები ჩატარდა, რადგან ალტერნატიული მთავრობის შექმნა სურდათ. ამ სისულელეებს უნდა გავეშვათ, რადგან ამის მილიონი გამოცდილება გვაქვს. თუ სტატუსი გვინდა, რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ და მაშინ ერთად უნდა დავსხდეთ. ეს ალტერნატიული პროცესი წყლის ნაყვაა და მმართველი გუნდის გაძლიერება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა უმრავლესობისა და ოპოზიციის ერთად მუშაობას: „იმედს ვიტოვებ, როცა სასწორზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსია, მოახერხებენ გვერდზე გადადონ მათ შორის არსებული განსხვავებები და რეალურად იმუშაონ ერთად ამ ქვეყნის ევროპისკენ მიმავალი გეგმის შესაქმნელად. ახლა საქართველოს დღის წესრიგში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია“.