ალეკო ელისაშვილი - პარტიას მნიშვნელობა არ აქვს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაიმარჯვა საქართველომ
პარტიას მნიშვნელობა არ აქვს, გაიმარჯვა საქართველომ, სახელმწიფომ და საქართველო გამოჩნდა მართალი რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველას გამარჯვებაა.
„ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ყველას მადლობა, ვინც იყო ჩართული და რა დოზითაც იყო ჩართული სააკაშვილი იყო, წულუკიანი იყო, თეა ბურჯალიანი იყო, ყველას დიდი მადლობა. მოდით, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, სიყვარული და სიძულვილი გვერდზე გადავდოთ. ვინც ამ სარჩელის მომზადებასა და სასამართლოში სარჩელის დაცვაში იყო ჩართული, ყველას, მე როგორც ერთი მოქალაქე მადლობას ვეუბნები. არ ვიცი, სააკაშვილი რა დოზით იყო ჩართული. თუ იყო ჩართული, მაშინ მასაც მადლობა და ნებისმიერს. აქ პარტიას მნიშვნელობა არ აქვს. აქ გაიმარჯვა საქართველომ, სახელმწიფომ და საქართველო გამოჩნდა მართალი რუსეთის ფედერაციასთან. ეს შესაბამისად ყველას, თითოეული ჩვენგანის გამარჯვებაა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.