ალეკო ელისაშვილი - პარლამენტში ორადორი პარტია, ჩვენ და „გირჩი“ ვლაპარაკობთ ერთმანეთში, დანარჩენები თავაღერებული, ამპარტავნად დადიან, ყველა უნდა დავეშვათ მიწაზე, მოვეშვათ - ჩემი ინიციატივა, ამის ინიციატივა
არ მომწონს, კონკრეტული პარტიები რომ ცდილობენ, ყველაფერი თავისკენ გადაქაჩონ და თქვან, აი, ჩემი ინიციატივაა, ესეც ცუდი პოლიტიკური კულტურის გაგრძელებაა, – ასე უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად საინტერესო აღმოჩნდა მისთვის „ლელოს“ ინიციატივა, რომ შეიქმნას მიზიდულობის ახალი ცენტრი.
„ჩვენ რაც გვჭირს, ისაა, რომ ვერავის ჩვენი ეგოიზმი ვერ მოგვითოკავს. ჩემი ინიციატივაა და მოდით, ახლა შემოუერთდით, რა საჭიროა ასეთი რაღაცები? ცოტა უფრო დაღვინებულად უნდა ვუყუროთ ამ პროცესს. ყველა კარგად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ ჩვენს ეგოიზმს, მოჭარბებულ ეგოს და მოჭარბებულ ამპარტავნებას ხშირად ეწირება ქვეყნის ინტერესი. ახლაც ასე ვართ. დღეს ვართ ლამის უფსკრულის პირას. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც უკვე აღარც მალავს, რომ ქვეყანას რუსეთისკენ ექაჩება, არის აბსოლუტურად ამოწურული პოლიტიკური ძალა და მე ვარ მომხრე ხელისუფლების მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით ცვლილების“, – განაცხადა ელისაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა „ლელოს“ მათთან კომუნიკაციის მცდელობა და ჩაერთვება თუ არა პარტია „მოქალაქეები“ შეთავაზების შემთხვევაში კონსულტაციებში, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ რამე პოლიტიკურ წინასაარჩევნო გაერთიანებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან არჩევნები 2024 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.
„მანამდე თუ სხვა რაღაცებს დავილაპარაკებთ და, ზოგადად, თუ ვისწავლით ერთმანეთთან ლაპარაკს, არ იქნება ცუდი. ორადორი პარტია, ჩვენ და „გირჩი“ ვართ პარლამენტში, რომელიც ერთმანეთში ვლაპარაკობთ, დანარჩენები კი თავაღერებული, ძალიან ამპარტავნად დადიან. ყველა უნდა დავეშვათ მიწაზე და მოვეშვათ ასეთ რაღაცებს, ჩემი ინიციატივა, ამის ინიციატივა და ა.შ.“ – განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან აუცილებლად უნდა წავიდეს.
„ასე არის საჭირო ქვეყნისთვის. წავიდეს ოპოზიციაში, იყოს, კაცო, ოპოზიციაში, რა, ოპოზიციაში ყოფნა კი არაფერი პრობლემაა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, არავითარ შემთხვევაში. იმიტომ, რომ რამდენადაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მესამე ვადით დარჩენა იქნება კატასტროფა ამ ქვეყნისთვის, ასმაგად უფრო დიდი კატასტროფა იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა. 11 წელია, ხელისუფლებაში არაა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ნატამალი დასკვნა ვერ გამოიტანეს ოპოზიციაში ყოფნით და ნატამალი სინანული არ ეტყობათ იმის გამო, რასაც ბოლო წლებში აკეთებდნენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეკითხვაზე, რამდენად აქვთ რესურსი მცირე პარტიებს, რომ „ნაციონალური მოძრაობასთან“ თანამშრომლობის და მათი ელექტორატის დახმარების გარეშე არსებული ხელისუფლება შეცვალონ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარტიებს ამის რესურსი აქვთ.
„მშვენივრად გვაქვს. ჯერ ერთი, მყარი მოცემულობები პოლიტიკაში არ არსებობს. პატარა პარტია დღეს რომ პატარაა, ხვალ შეიძლება, სულაც არ იყოს პატარა პარტია, თუ სწორად ვიმუშავებთ და გავზრდით ჩვენს ელექტორატს, თუ ხალხს დავარწმუნებთ იმ იდეებში, რაც გვაქვს, საერთოდ, გვაქვს თუ არა იდეები და იმაში, რასაც ვაკეთებთ, ზოგი პარლამენტში, ზოგი კი პარლამენტს მიღმა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სალაპარაკო არაფერი არ აქვს.
„ისინი დღემდე იძახიან, ციხის კადრები დადგმული იყოო. გეგონება, მარტო ის ერთი სცენაა, სადაც ცოცხს უტიკინებენ იმ პატიმარს და მაგის გარდა თურმე ციხეში არაფერი არ ყოფილა. დღემდე, ამასაც კი არ აღიარებენ. სანდრო გირგვლიანს დღემდე ხულიგანს ეძახიან და საჯაროდ ლანძღავენ. ელემენტარული სინანული არ გააჩნიათ და კიდევ ჰგონიათ, რომ პუტინმა გაუშვა ისინი ხელისუფლებიდან. იმას ვერ ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სააკაშვილმა მოიყვანა თავისი ძალადობით და სადიზმით და ამ ხალხის ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება. ეს ხალხი ისევ დაატრიალებს ცოდვის და სისხლის კალოს, რითიც იყვნენ დაკავებული, ოღონდ ახლა უფრო გაშმაგებული და უფრო ენერგიული იქნებიან. ამას არც მალავენ, პოსტს პოსტზე წერენ „ფეისბუქში“, მოვალთ და სარებზე ჩამოგაცმევთო. ამ ხალხის გამოსწორება არ იქნება და, შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სალაპარაკო მე პირადად არაფერი არ მაქვს. ასევე არ მაქვს სალაპარაკო პრორუსებთან და მსგავს ხალხთან“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეკითხვაზე, უნდა შეიქმნას თუ არა საპარლამენტო არჩევნების წინ მესამე ცენტრი, ელისაშვილმა თქვა, რომ არჩევნებამდე პარტიებმა ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ისწავლონ, ამომრჩეველი დაარწმუნონ თავიანთი იდეების მართებულობაში, საკუთარი ელექტორატი გაზარდონ და მანამდე, რა თქმა უნდა, ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი აუცილებლად უნდა შეიქმნას.
ელისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქართული დემოკრატიისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის დაბალი ბარიერი უკეთესია.
„კარგი იქნება, თუ იქნება დაბალი ბარიერი, მაგრამ ჩვენი პარტია არ ვაპირებთ, ვეხვეწოთ „ქართულ ოცნებას“ ამასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ჩვენთვის 5% არ იყოს პრობლემა და ამაზე ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.