ალეკო ელისაშვილი - პარლამენტმა მკაცრად უნდა მოსთხოვოს მთავრობას ყველაფერზე პასუხი, მათ შორის იმაზეც, რომ ხელგაშლილად არ ცხოვრობდეს ღარიბ და ღატაკ ქვეყანაში
პარლამენტმა ძალიან მკაცრად უნდა მოთხოვოს მთავრობას ყველაფერზე პასუხი, მათ შორის იმაზეც, რომ ხელგაშლილად არ უნდა ცხოვრობდეს ღარიბი და ღატაკი ქვეყნის მთავრობა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, საინტერესოა, რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანომ რა უნდა გააკეთოს და რამდენად კრიტიკული იქნება მთავრობის მიმართ.
„ყველაზე საინტერესოა, თუ რას ფიქრობს და აპირებს თუ არა „შემოუჭიროს ქამრები“ მთავრობასა და პარლამენტს, რადგან ამ შენობაში მუშაობა კარგია, კომფორტია, მაგრამ გარეთ სულ სხვა რეალობა გვაქვს, სადაც ხალხს ძალიან უჭირს. მთავარი პოლიტიკური ორგანო პარლამენტია. შესაბამისად, ძალიან მკაცრად უნდა მოთხოვოს პარლამენტმა ყველაფერზე პასუხი მთავრობას, მათ შორის იმაზეც, რომ ხელგაშლილად არ უნდა ცხოვრობდეს ღარიბი და ღატაკი ქვეყნის მთავრობა. რაც შეეხება პარლამენტისა და ოპოზიციის ბოიკოტს, ბოლო დროს ოპოზიციის კრიტიკით ვარ დაკავებული, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ჩემთვის გაუგებარი იყო, ოპოზიცია სხდომათა დარბაზში რომ არ იყო წარმოდგენილი, როცა საარჩევნო ცვლილებებს იხილავდა „ქართული ოცნება“. ეს გაუგებარი იყო, რადგან ამისთვის ვიბრძოდით, ამისთვის ვჩხუბობდით და რასაც ვუყურებდი, ძალიან უცნაური სურათი იყო, რომ „ქართული ოცნება“ და უცხოელი ელჩები მონაწილეობდნენ მხოლოდ საარჩევნო ცვლილებების განხილვაში. ეს ძალიან გაუგებარი იყო“, – განაცხადა ელისაშვილმა.