ალეკო ელისაშვილი - პარლამენტამდე მოსასვლელი გზა მარტივი არ იყო, ნამდვილად თავაწეულები შემოვედით
პარლამენტამდე მოსასვლელი გზა მარტივი არ იყო, ნამდვილად თავაწეულები შემოვედით, რადგან ოთხი პოლიტპატიმარი გათავისუფლებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ის და ლევან იოსელიანი პირველ რიგში „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებული მემორანდუმის კანონად ქცევას აპირებენ.
ამასთან, ელისაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვასა და მიღებაში მაინც მიიღონ მონაწილეობა, რადგან მის დამტკიცებას 113 ხმა სჭირდება.
„აქამდე მოსასვლელი გზა მარტივი არ იყო, იცით, რა გამოვიარეთ. ჩვენ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით, რადგან ოთხი პოლიტპატიმარი, ვისზეც ვლაპარაკობდით, გათავისუფლებულია. ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მე და ლევანი შემოვრჩით. გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სინამდვილეში ამ ქვეყნის მომავალია.
პირველ რიგში, ვაპირებთ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას. მემორანდუმში არის ბევრი პუნქტი, სრულად პროპორციულ სისტემას სჭირდება 113 ხმა და ოპოზიცია ამ ერთ საკითხზე მაინც შემოვიდეს, თუ უნდათ, ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი. სრულად პროპორციულისთვის ერთი წელი ვიბრძოდით ქუჩაში და ახლა მაგიდაზე დევს, ეს ოპოზიციის იმ დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხია, ვინც უნდა შემოვიდეს და გულწრფელად იბრძოდნენ პროპორციულისთვის.
პირველ რიგში, შემოვედით მემორანდუმის პუნქტების კანონად ქცევისთვის. ვადაც კი ჩავაწერინეთ „ქართულ ოცნებას“. თუ პირველ მარტამდე არ მოხდება ამის ინიცირება, პარლამენტს დავტოვებთ, თუ პირველ მაისამდე არ დამტკიცდება ელექტრო ხმის მთვლელი აპარატები, თითის ანაბეჭდით ხმის მიცემა, რაც გამორიცხავს ჯოჯხეთურ სიტყვას „კარუსელს“, ანუ თუ პირველ მაისამდე არ აისახება კანონში ცვლილებები, რომ არჩევნები პატიოსნად ჩატარდეს, დავტოვებთ პარლამენტს“, – განაცხადა ელისაშვილმა.