ალეკო ელისაშვილი - ოთხეულმა ისე შეტოპა, რომ თავად ვერ ჩერდებიან, კარგი იქნება, ეს კვარტეტი გაჩერდეს და საქმით დაკავდეს
კარგი იქნება, რომ ეს კვარტეტი გაჩერდეს და საქმით დაკავდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ უნდა თქვას, რომ მისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია და პარტნიორების ლანძღვა ცუდია.
როგორც საქართველოს პირველ არხს ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, „ქართული ოცნება“ ცეცხლთან თამაშს უნდა მოეშვას.
„პრემიერის განცხადება სწორი იყო. წერტილი უნდა დასვა და უსასრულო პინგპონგში არ უნდა იყო – დასავლელი მოკავშირეების ლანძღვაში. ამ ოთხეულმა ისე შეტოპა, ისე გააჭენეს და ისეთ დაუკრეფავში არიან, რომ თავად ვერ ჩერდებიან. ქვას რომ დაღმართში დააგორებ და ვერ ჩერდება, ასე არიან. რაღა თქვან აღარ იციან, არც თემა აქვთ, არც სალაპარაკო, რაღაცას ღეჭავენ და იგონებენ. კარგი იქნება, რომ ეს კვარტეტი გაჩერდეს და საქმით დაკავდეს. „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ უნდა თქვას, რომ მათთვის ეს ყველაფერი მიუღებელია და პარტნიორების ლანძღვა, ასე უმადურად მოქცევა არის ცუდი. ეს მკაფიოდ უნდა თქვან და რა ისე, ვითომ თან რომ თანამდებობები დაატოვებინეს და მათთან ერთად დადიან. ეს ასე არ გამოდის. ამ კვარტეტის მხოლოდ ერთი წერილი წავიკითხე და ისიც ნახევარი. ცარიელ ადგილზე ფაფხურობენ. „ქართული ოცნება“ ცეცხლთან თამაშს უნდა მოეშვას. პარტნიორებთან ასეთი ურთიერთობა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია, რადგან თუ ვინმე გვერდზე გვიდგას და ფიზიკურად აქვს თბილისი გადარჩენილი, რომ რუსული ჯარი არ შემოსულიყო, ზუსტად ამერიკა იყო. მათი შენიშვნა უნდა გავითვალისწინოთ, რადგან კეთილგანწყობილი არიან და არა ის, რომ დაგვიპიყრონ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.