ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციონერმა კოლეგებმა თავი მოთოკონ, დავუშვათ, სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატი „ქართული ოცნების“ არის, მერე? მთავარია არა წარდგენა, არამედ კენჭისყრა და მხარდაჭერა
ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციონერმა კოლეგებმა თავი მოთოკონ, დავუშვათ, სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატი „ქართული ოცნების“ არის, მერე? მთავარია არა წარდგენა, არამედ კენჭისყრა და მხარდაჭერა

„მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან სისულელეა იმაზე საუბარი, რომ სახალხო დამცველობის ცხრამეტივე კანდიდატი „ქართული ოცნებისთვის“ წარადგინეს. ელისაშვილის თქმით, მთავარი არა კანდიდატების წარდგენა, არამე კენჭისყრა და მხარდაჭერაა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ყველაზე კარგი, რაც პროცესში გაკეთდა ისაა, რომ რეგლამენტში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც ღია კენჭისყრა ჩატარდება.

„აბსოლუტური ბოდვა, სისულელეა, რა ლავირების სივრცე. დავუშვათ, ცხრამეტივე არის „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მერე? მთავარი კანდიდატების წარდგენა კი არა, კენჭისყრა და მხარდაჭერაა. ყველაზე კარგი, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ პროცესში, არის ის, რომ რეგლამენტში შევიტანეთ ცვლილება და ღია იქნება კენჭისყრა.

ხომ დავინახავთ, ვინ მისცემს ხმას და ვინ – არა. აქამდე იქნებოდა ეს საშიში. თამამი ნაბიჯი იმიტომ გადავდგით, რომ კენჭისყრა იქნება ღია. ჯერ ერთი, მეც მაინტერესებს, ვინ არის „ოცნების“ კანდიდატი. შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ვინმეზე თუ გვეტყვით, „ქართული ოცნების“ სახალხო დამცველობის კანდიდატიაო, პერსონალურად მას ხმას არ მივცემ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, კარგი კანდიდატი იყოს. ამიტომ ეს ბოდვა ოპოზიციაში საიდან მოიტანეს. რაღაცას მათებურად თუ არ იტყვი და განსხვავებულად იტყვი, არიქა, იმ წუთში „ოცნება“. რა შუაშია „ოცნება“, უბრალოდ, ჩვენთან მოდიოდნენ სახალხო დამცველობის კანდიდატები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რატომ არ გვაქვს უფლება, ჩვენი აზრი ვუთხრათ დეპუტატებს და ხალხსო. ჩვენ ვუთხარით, რომ კი ბატონო. გინახავთ ის შეფასებები? ზოგს საერთოდ არ დაუწერეს შეფასება. რას ნიშნავს ეს? ეგ არის ზუსტად ფავორიტიზმი, ელიტური ჯგუფების მიერ რაღაც გადაწყვეტილების მიღება. არგუმენტი აქვთ, 19-ვეს ხომ არ უნდა მოუსმინოო. რატომ არ უნდა მოუსმინონ? შვიდს თუ უნდა მოუსმინოთ, 19-ს არ მოვუსმინოთ?

სახალხო დამცველს ვირჩევთ ხუთ წელიწადში ერთხელ, მეტი რა საქმე გვაქვს ამ პარლამენტში. ამიტომ ბოდვაა და ჩემმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა ცოტა თავი მოთოკონ, ჩაიხედონ რაღაცაში. თვითონ რასაც ამბობენ, ის რატომ არის სრული ჭეშმარიტება? კენჭისყრაა მთავარი, თუ თავისივე პარტიის წევრების ეშინიათ, რომ შეიძლება, ჩუმად სხვა კანდიდტს მისცენ ხმა? ამაშია საქმე თორემ, მითხარით ვინ არის „ქართული ოცნების“ კანდიდატი და საჯაროდ ვამბობ, მას მხარს არ დავუჭერ. ჩვენ არავინ გვყავს ფავორიტი და იმიტომ წარმოვადგინეთ ყველა. არ გვყავს ფავორიტი. დავსხდეთ, მოვუსმინოთ და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.