პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის კრიტიკა მიუღებელია.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ოლივერ ვარჰეიმ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა, რომ მზად არის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში დაეხმაროს.
„ჩემი ოპოზიციური კოლეგების ერთი ნაწილის მიერ ევროკომისრის ხელაღებით კრიტიკა მიუღებელია, ეს ადამიანი არის ევროკომისარი, უნგრელი ტურისტი ან ვიღაც უნგრელი მწყემსი ხომ არ არის კერძო ვიზიტით ჩამოსული საქართველოში. ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, თან ინტეგრაციაზე პასუხისმგებელი ადამიანი, რომელმაც ღიად გვითხრა – მზად ვარ, დავეხმარო საქართველოს, რათ მიიღოს კანდიდატის სტატუსიო. ახლა ამაზე მეტი რა უნდა გვითხრას. რით განსხვავდება ბატონი ვარჰეის ეს კრიტიკა იმისგან, რასაც სჩადის „ქართული ოცნება“ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიმართ, როცა დადგება „ოცნება“ და ევროპარლამენტარებს ლანძღავს ის თუ მიუღებელია, ეს არ არის მიუღებელი?! ვლანძავთ იმ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელია – მიიღებს თუ არა საქართველო სტატუსს. ეს არის ინტეგრაციაზე პასუხისმგებელი ევროპელი კომისარი, რატო ვლანძღავთ ამ ადამიანს? ჩემთვისაც ძალიან უცნაური იყო როცა თქვა, ეკონომიკა ყვავისო, მაგრამ ეს დიდად არ მაინტერესებს.
ეს ადამიანი გვეუბნება, თუ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ, თქვენი სანუკვარი, ეროვნული და სახელმწიფოებრივი მიზნის მიღწევაში, რომ გახდეთ ევროპული ოჯახის წევრი, დაგეხმარებით. ამის გამო რომ ლანძღვა და თათხავ აი, რით განსხვავდები მაგალითად, ირაკლი კობახიძისგან, რომელიც დაუნდობლად ლანძღავს ევროპარლამენტარს – ის თუ მიუღებელია, ეს რატომ არის მისაღები?! ჩემი გუნდისთვის ორივე აღმაშფოთებელია, როგორც მმართველი პარტიის მხრიდან ევროპელი პოლიტიკოსების ლანძღვა, ასევე ოპოზციის ერთი ნაწილის მიერ გუშინ გამოთქმული მოსაზრება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.