ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციის ნაწილის შიში მესმის, ვინც საკუთარ თავს და თანაპარტიელებს ვერ ენდობა, ისინი იკავებენ სხდომაზე შემოსვლისგან თავს, მე ღილაკები არ მერევა
მე ღილაკები არ მერევა, არც პოლიტიკურად დალტონიკი ვარ და არც ისე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის სხდომას დაესწროს, თუმცა პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს.
ელისაშვილის განცხადებით, სხდომაზე შემოსვლისგან ოპოზიციის ის ნაწილი იკავებს თავს, ვინც საკუთარ თავს და თანაპარტიელებს ვერ ენდობა.
„არ გამოვრიცხავ, რომ სხდომას დავესწრო. არანაირ კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებ, იმპიჩმენტს მხარს არ ვუჭერ. ოპოზიციის ერთი ნაწილის შიში მესმის. ვინც საკუთარ თავს და თანაპარტიელებს ვერ ენდობა, ისინი იკავებენ სხდომაზე შემოსვლისგან თავს, რომ ვინმეს ხელი არ გაექცეს და წითლის ნაცვლად, მწვანეს არ დააჭიროს ხელი. ასეთი ხალხის მესმის. გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობაში“ ჭრელი ხალხია და ერთმანეთს არ ენდობიან. მე ღილაკები არ მერევა. არც პოლიტიკურად დალტონიკი ვარ და არც ისე. ჩემი თავის იმედი მაქვს, რომ არ შემეშლება და სხდომიდან არ გავვარდები, უი, უი, რას დავაჭირე ხელიო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.