ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციის ნაწილი რაღაც რევოლუციებზე ოცნებობს, „ქართული ოცნება“ კი შანტაჟის ენით გველაპარაკება, როგორც ჩანს, არც ერთს არ უნდა, მოლაპარაკებები ნორმალურად დამთავრდეს
ოპოზიციის ნაწილი რაღაც მღელვარებებსა და რევოლუციებზე ოცნებობს, „ქართული ოცნება“ კი მუშტებს აბრახუნებს და შანტაჟის ენით გველაპარაკება დანარჩენ ქვეყანას, როგორც ჩანს, არც ერთს არ უნდა, მოლაპარაკებები ნორმალურად დამთავრდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შობა-ახალი წლის დღესასწაულებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი უახლოეს მომავალში გაიმართოს.
„გულახდილად რომ გითხრათ, ნაკლებად ველი, რომ ამ კვირაში, ან უახლოეს მომავალში იქნება მეხუთე რაუნდი, რადგან ვხედავთ, ჯერ თვითონ ოპოზიციაში პოზიციები ძალიან აცდენილია. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ 25 დეკემბერი მოდის, კარს მოგვადგა და ელჩები ალბათ სამშობლოში დაბრუნდებიან, ვინაიდან მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საშობაო არდადეგები. შემდეგ ჩვენთან იწყება საცივისა და ყანწის სეზონი, ძველით ახალ წლამდე ნაკლებად ვფიქრობ, გულახდილად რომ ვთქვა. ნამდვილად მინდა ვცდებოდე, მანამდე განიტვირთოს ეს ყველაფერი, მაგრამ სუფთა კალენდარული გარემოებებიდან გამომდინარე, ალბათ გადავადდება მეხუთე რაუნდი.
რაც შეეხება, დაფინანსების წესს, ჩემთვის გამაოგნებელია, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი და „ქართული ოცნება“ ზუსტად ერთნაირი გავეშებით ცდილობენ ამ მოლაპარაკებების ჩაშლას. აქეთ ოპოზიციის ნაწილია, რომელიც რაღაც მღელვარებებსა და რევოლუციებზე ოცნებობს და სინამდვილეში, როგორც ჩანს, სხვა არაფერი აინტერესებდათ და ეს მოლაპარაკებები მათთვის იყო უბრალოდ ბუტაფორია. მეორეს მხრივ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც მუშტებს აბრახუნებს და შანტაჟის ენით გველაპარაკება დანარჩენ ქვეყანას. ეს აფუჭებს ძალიან ვითარებას. როგორც ჩანს, არც ერთს და არც მეორეს არ უნდა, რომ მოლაპარაკებები ნორმალურად დამთავრდეს, ქვეყანამ მიიღოს წესიერი საარჩევნო კანონმდებლობა, გამოვიდნენ პოლიტპატიმრები გარეთ. მე ეს შთაბეჭდილება მიმყარდება, სამწუხაროდ“, – განაცხადა ელისაშვილმა.