ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციის მხრიდან არავითარი წინადადება არ ყოფილა, წინადადებები წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“, რაღაცებზე უკან დაიხია
„მოქალაქეების“ ლიდერის, ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სურვილი რეალური რომ ყოფილიყო, შეთანხმება შედგებოდა.
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან არავითარი წინადადება არ ყოფილა შემოთავაზებული, გარდა ვადამდელი არჩევნებისა და პლებისციტისა. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ელისაშვილი ამბობს, რომ მათ გარკვეულ საკითხებთან მიმართებით უკან დაიხიეს.
„შეთანხმების სურვილი რეალური რომ ყოფილიყო, შეთანხმება შედგებოდა. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა აღარ არის სერიოზული, განსაკუთრებით ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ. რეალობას გავუსწოროთ თვალი, და ამას რომ მაინც ჯიუტად ითხოვ, თან როდესაც შეგიძლია გამოგლიჯო „ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი, შენ მაინც პლებისციტი და ვადამდელი დაგიჩემებია, ეს არის ჩვენთვის აუხსნელი. ჩვენი აზრით, ეს არის სახელმწიფოებრივად ძალიან არასწორი, როდესაც შეგიძლია ამ ქვეყნის პერსპექტივა წამოიღო. სასამართლო ჩვენ მარტო იმისთვის არ გვჭირდება, რომ სამართლიანობის განცდა იყოს, გვჭირდება იმისთვის, რომ გამდიდრდეს ქვეყანა. არც ერთი ინვესტორი აქ არ ჩადებს ფულს, ვიდრე სასამართლო არ იქნება სანდო. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ეს გამდიდრების საშუალებაც არის, ნორმალური ქვეყნის მშენებლობის საშუალება. ვადამდელი და პლებისციტი საერთოდ სისულელეა. პირველივე წუთიდან ვამბობდით, რომ პლებისციტი არის არაფერი, წყალი. სად არის გარანტია, რომ პლებისციტს არ მოიგებს „ქართული ოცნება?“ შემდეგ რა რჩება ხელში ოპოზიციას? საერთოდ არაფერი და საერთოდ არაფერზე, საერთოდ არაფერზე მზად ვართ, დავთმოთ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც.
განწყობა რომ ყოფილიყო შეთანხმებისთვის, შეთანხმება შედგებოდა. გულახდილად უნდა ვთქვა, რომ წინადადებები დადო მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციის მხრიდან არავითარი წინადადება არ იყო, არაფერი, ან მაშინ დამისახელონ რაიმე წინადადება, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო, გარდა იმისა, რომ პლებისციტი, პლებისციტი, პლებისციტი, ან ვადამდელი. წინადადებები დადო „ქართულმა ოცნებამ“, რაღაცებზე უკან დაიხია, რაღაცებზე ამბობდა, რომ უკან არ დაიხევდა, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან წინადადებები არ ყოფილა. ძალიან კარგი იქნებოდა, ყოფილიყო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.