ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციის დიდი ნაწილი თავისი სიტყვებისა და განცხადებების მძევალია, ილანძღებიან და ეშინიათ, რომ მხარდამჭერებს დაკარგავენ
ამერიკის ელჩს ვეთანხმები, რომ პარტიების დიდი ნაწილი ასეა, ზოგი პარტიულ და პირად ინტერესს უფრო მაღლა აყენებს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილი თავისი სიტყვებისა და განცხადებების მძევალია, საიდანაც თავის დაღწევას ვერ ახერხებენ. ამასთან, როგორც ელისაშვილი ამბობს, მისი პარტიისთვის პირველ რიგში, სახელმწიფოებრივი ინტერესია მნიშვნელოვანი.
„ოპოზიციის დიდი ნაწილი არის თავისი სიტყვებისა და განცხადებების მძევალი. ამ სიტყვებიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ, ილანძღებიან და ეშინიათ, დაკარგავენ მხარდამჭერებს. მაგრამ ვინც რა უნდა დაგვაბრალოს, ჩვენთვის ჯერ სახელმწიფოებრივი ინტერესია, შემდეგ პირადი და პარტიული. ერთი პარტიაა, რომელსაც ამ ქვეყნის ინტერესი საერთოდ არ აინტერესებს, აინტერესებს, მხოლოდ პირადი ინტერესები. ეს არის მთავარი ამრევი პარტია. ეს არის „ამრევი საქართველოს“ პარტია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ პარტიების ლიდერები თუ პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს, მოუსმენენ ამომრჩეველს, ეს წაახალისებს გამოსავლის პოვნას, პარლამენტში მუშაობის დაწყებას.